ეკონომიკა არის მთავარი წარმმართველი ძალა ქვეყნის განვითარებისთვის, ეკონომიკაზე დგას ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჩვენი დემოკრატიული სისტემის და ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების განმტკიცება, აქედან გამომდინარე, ეკონომიკის განვითარებას და ზრდას საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სამთავრობო პროგრამის 150-გვერდიანი ანგარიში მოიცავს მთავრობის საქმიანობის ყველა მიმართულებას, თუმცა მასში არ არის ასახული ყველა ის პროექტი, რომელიც განხორციელდა სამთავრობო უწყებების მიერ და საუბარია ძირითადად სამთავრობო უწყებების მიერ გასული 12 თვის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე.
ირაკლი კობახიძემ 2024 წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9,4% შეადგინა, შესაბამისად მოხერხდა იმ ტენდენციის შენარჩუნება, რომელიც არსებობს 2021 წლიდან.
„2025 წელსაც, იანვარ-აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 8,8% შეადგინა, ანუ წელსაც ვინარჩუნებთ მაღალ ტემპს. მაისის წინასწარი მონაცემებიც არის ძალიან კარგი და შეიძლება ითქვას, რომ არა მხოლოდ მივაღწევთ ბიუჯეტის პროექტში ასახულ ნიშნულს, არამედ გადავაჭარბებთ მას. საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წლისთვის 7,2%-მდე და ვფიქრობთ, სავსებით რეალურია არა მხოლოდ ამ ნიშნულის მიღწევა, არამედ ამ გეგმის გადაჭარბებით შესრულებაც. გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები, შარშან იყო მაღალი ეკონომიკური ზრდა, წელსაც გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, მთავარია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზრდის მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა ამ კუთხით იყო არაბული, Emaar-ის ინვესტიცია.
„ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის ჩვენ გვჭირდება ინვესტიციების მოზიდვა და ამ კუთხით აქტიურად წარიმართებოდა მუშაობა გასული ერთი წლის განმავლობაში. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა ამ კუთხით იყო არაბული, Emaar-ის ინვესტიცია, რომელიც ჩაიდება ჩვენს ქვეყანაში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ეს არის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი, ინვესტიცია, რომელიც საქართველოში განხორციელდება. ეს ინვესტიცია დამატებით შეუწყობს ხელს ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. კიდევ უფრო მეტი გვჭირდება ასეთი პროექტები იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდის ტემპები“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, გასული ოთხი წლის ამ მონაცემებით საქართველო პირველ ადგილს იკავებს არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის ქვეყნებს შორისაც კი პირველ ადგილზეა.
„პირველ ადგილზე ვართ ევროპაში და ფართო რეგიონში გასული 4 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. 2024 წელს ჩვენმა ეკონომიკამ მიაღწია 92 მილიარდ ლარს და წლის ბოლოს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ პირველად, ჩვენი ეკონომიკა გადააჭარბებს 100 მილიარდ ლარს. მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნების“ გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ ჩვენი ეკონომიკა 28 მილიარდ ლარსაც კი არ შეადგენდა, ანუ ჩვენ დაახლოებთ გავახუთმაგეთ ამ პერიოდის განმავლობაში ეკონომიკა. რა თქმა უნდა, გვჭირდება ამ ტემპის შენარჩუნება მომავალშიც. ასევე, წლის ბოლოსთვის, პირველად, ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარს გადააჭარბებს, ესეც ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებელია და გვჭირდება ამ ტემპის შენარჩუნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ძალიან დამაიმედებელი პროგნოზი წარმოადგინა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რომლის თანახმად, 2025-2030 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ზრდა როგორც ფართო რეგიონში, ასევე ევროპის ქვეყნებს შორის.
„რა ტენდენციაც გვქონდა გასული ოთხი წლის განმავლობაში, სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, მომდევნო წლების განმავლობაშიც, 2030 წლის ჩათვლით, ანალოგიური ტემპი გვექნება შენარჩუნებული და ვიქნებით პირველ ადგილზე რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის. საშუალო პროგნოზი არის 5,2%, რაც წარმოადგინა სავალუტო ფონდმა, თუმცა აქაც ვფიქრობთ, რომ ჩვენი მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, მხოლოდ 2022-2024 წლებში შეიქმნა 185 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.
„ხშირად წარიმართება ხოლმე დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის ცხოვრების დონეზე და ამ კუთხითაც მინდა წარმოგიდგინოთ 2024 წლის მონაცემები. ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში. გასული წლის ბოლოსთვის უმუშევრობამ შეადგინა 13,9%. ეს არის ისტორიული მინიმუმი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. აქაც მინდა შეგახსენოთ, რა დაგვხვდა ჩვენ 2012 წელს - მაშინ უმუშევრობა შეადგენდა 26,7%-ანუ ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში მოვახერხეთ უმუშევრობის განახევრება ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო სწრაფი ტემპი გვჭირდება ეკონომიკის განვითარება, იმისათვის, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდეს. მხოლოდ 2022-2024 წლებში, საუბარია გასულ სამ წელიწადზე, შეიქმნა 185 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. სამ წელიწადში ეს არის შთამბეჭდავი მაჩვენებელი. 2024 წელს, ანუ მხოლოდ გასულ წელს, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 68 000 ადამიანით და დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გადააჭარბა 1 400 000-ს, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, ადამიანების დასაქმებაზე, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ცალკე აღებულ ეკონომიკურ ზრდას არავითარი ფასი არ ექნება, თუ ამით არ ისარგებლა თითოეულმა მოქალაქემ. ის მაჩვენებლები, რაც გვაქვს დასაქმების ნაწილში, მეტყველებს იმაზე, რომ ეს ზრდა მოსახლეობის ფართო ფენაზეც აისახება“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, იმ ტემპის მიხედვით, რაც აქვს აღებული ხელისუფლებას, სავსებით რეალურია 4 წლის თავზე დამატებით 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა ქვეყანაში.
„ასევე ეკონომიკური ზრდა აისახა მოსახლეობის საშუალო ხელფასის ზრდაზე. 2025 წლის პირველ კვარტალში საშუალო ხელფასმა შეადგინა 2 170 ლარი. მინდა შეგახსენოთ, რა მდგომარეობა დაგვხვდა თავის დროზე 2012 წელს. მაშინ საშუალო ხელფასი შეადგენდა 712.5 ლარს, შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ 3-ჯერ გავზრადეთ საშუალო ხელფასი ჩვენს ქვეყანაში. აქაც გვაქვს ამბიციური მიზანი 2028 წლისთვის. გვინდა, რომ საშუალო ხელფასმა მიაღწიოს 3 500 ლარს. არსებული ტემპების გათვალისწინებით ეს არის სავსებით რეალური, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჯერ კიდევ მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი და ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მაქსიმალურად შემცირდეს სიღარიბის დონე ქვეყანაში.
„ამ კუთხითაც 2024 წელს გვქონდა შთამბეჭდავი შედეგი. კერძოდ, 2024 წელს 90 000-მა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს. მინდა შეგახსენოთ, როგორი იყო მონაცემები 2012 წელს, 1 100 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა, როდესაც წინა ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედია გვაუწყებდა, რომ ქვეყანა იყო აყვავებული და მოსახლეობა ბედნიერი. 1 100 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. 30% იყო სიღარიბის მაჩვენებელი და ეს მაჩვენებელი 1 100 000-ზე მეტიდან შემცირდა 350 000-მდე. რა თქმა უნდა, ესეც მაღალი მაჩვენებელია. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა, როდესაც ჩვენი 350 000 თანამოქალაქე ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. ჩვენ ვერ ვიქნებით კმაყოფილი იქამდე, ვიდრე არ განულდება ეს მაჩვენებელი. ტემპი გვაქვს ძალიან კარგი და ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში, საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენ შევძლებთ სიღარიბის სრულად დაძლევას ჩვენს ქვეყანაში. ამის გარანტი იქნება ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება. 2024 წელს სიღარიბემ შეადგინა 9.4% ჩვენს ქვეყანაში. პირველად დაფიქსირდა ერთნიშნა მაჩვენებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 2023 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 11.8% და ეს მაჩვენებელი შემცირდა 2.4 პროცენტული პუნქტით. აქაც გვაქვს ამბიციური მიზანი, 2028 წლისთვის გვინდა, რომ მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში. არსებული ტემპის გათვალისწინებით ეს შედეგი აბსოლუტურად მიღწევადია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საერთაშორისო ინდექსებში და ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს სწორი ფისკალური მონაცემების შენარჩუნებას.
„ეკონომიკური ზრდის მაღალმა ტემპმა, კარგმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა მოგვცა საშუალება, რომ შეგვენარჩუნებინა ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი ხარისხი და ამაზეც მეტყველებს კონკრეტული მაჩვენებლები. 2024 წლიდან საშუალო წლიური ინფლაცია იყო 1.1 %, ბიუჯეტის დეფიციტი 1.9%, ესეც დადგენილი ზღვრის ფარგლებშია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 4.4%, მთავრობის ვალი: 36.1% - აქაც გვაქვს მონაცემები დადგენილი ზღვრის ფარგლებში. 2020 წელს ჩვენმა ვალმა გადააჭარბა 60 %-ს და, ამ 4 წლის განმავლობაში, ჩვენ მოვახერხეთ აღნიშნული მაჩვენებლის 36 %- მდე შემცირება, რაც, ბუნებრივია, ჩვენი მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგია.
საქართველო პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საერთაშორისო ინდექსებში - ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს სწორი ფისკალური მონაცემების შენარჩუნებას. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ სტაბილურად ლარის კურსს, იყო შემცირების ტენდენციებიც ბოლო პერიოდში, მეტიც, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეროვნული ბანკი ახერხებდა რეზერვების შევსებას, რამდენიმე ასეული მილიონით შეივსო ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, მოვამზადეთ „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა 2025-27 წლებისთვის“, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფილი იქნება, როგორც ამ პროგრამის შესრულება, ისე ყველა იმ დასახული გეგმის შესრულება, რომელიც აქვს საქართველოს მთავრობას,“- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმ სამშვიდობო ინიციატივებზე, რომლებიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა.
„განხორციელდა 51 ჰუმანიტარული, ნდობის აღდგენის პროექტი, 16 ქართულ-აფხაზური ერთობლივი ბიზნესინიციატივა, ჩვენ ვუმკურნალეთ 1422 პაციენტს ოკუპირებული რეგიონებიდან. ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ ღონისძიებებისა, რომლებიც ხორციელდება. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ნდობის აღდგენას, განვახორციელებთ სამშვიდობო ინიციატივებს, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე აზრი არ აქვს არც ეკონომიკის განვითარებას, არც ჯანდაცვის მიმართულებაზე, არც კულტურასა და სპორტზე ზრუნვას.
„მთავარია მშვიდობა და სტაბილურობა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაკეთდა ყველაფერი იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და სტაბილურობა და იმისთვის, რომ დაგვეცვა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ეროვნული სუვერენიტეტი. მინდა, ამისთვის თითოეულ თქვენგანს გადაგიხადოთ მადლობა. რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტის ჩართულობისა და გადაწყვეტილების გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანამ საანგარიშო პერიოდში უმასპინძლა 7.4 მლნ საერთაშორისო მოგზაურს, გაიხსნა 70 სასტუმრო 3 300-ზე მეტი ნომრით და, დაახლოებით, 6 700 ადგილით.
„შარშან, ჩვენ ვუმასპინძლეთ 7.4 მლნ საერთაშორისო მოგზაურს, 2024-25 წლებში გაიხსნა 70 სასტუმრო 3 300-ზე მეტი ნომრით და, დაახლოებით, 6 700 ადგილით. 2025-28 წლებში, 300-ზე მეტი სასტუმრო დაგვემატება არსებული გეგმისა და პროექტების შესაბამისად 38 000-ზე მეტი ადგილით. მოსალოდნელი ჯამური ინვესტიცია 2 მლრდ ლარია.
აეროპორტების ნაწილშიც გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი - 7,425,000 მგზავრს მოემსახურა ჩვენი სამი აეროპორტი გასულ წელს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და დამოუკიდებლობის აღდგენამდეც არ გვქონია ჩვენ არასდროს ასეთი მაჩვენებელი,“- განაცხადა პრემიერმა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გრძელდება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების დაფინანსება, დაფინანსდა 1 500 მეწარმე სუბიექტი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში და შეიქმნა ამ პროგრამის საშუალებით 10 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი.
„ასევე საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება, დაფინანსდა 267 კომპანიის 292 პროექტი, შეიქმნა 3 300-ზე მეტი სამუშაო ადგილი. ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში გვაქვს კონკრეტული პროექტები, რომლებიც ფინანსდება, გვაქვს საგადასახადო შეღავათების სისტემა, რომელიც მოქმედებს, გვაქვს სტარტაპების მომზადების დაფინანსების სისტემა, რომლითაც უზრუნველვყოფთ მსმენელების გადამზადებას. ხელოვნური ინტელექტი, ფაგები და აგროტექნოლოგიები, ამ მიმართულებითაც იდგმევა ნაბიჯები. შესაბამისად, გვაქვს მრავალი პროგრამა, ეს არის მხოლოდ რამდენიმე სამაგალითო ჩამონათვალი, დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია სამთავრობო ანგარიშში. არის არაერთი პროგრამა, რომელიც დამატებით ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას, კონკრეტული პროექტების დაფინანსების საფუძველზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, შარშანდელი რთველი წარმატებით ჩატარდა და წლევანდელი პროცესის ორგანიზებაშიც მთელი გუნდი აქტიურად ჩაერთვება.
„ყველა მობილიზებულია, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო. თავიდან ბოლომდე ვიქნებით ჩართული ამ საკითხების ორგანიზებაში,“- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა გაიხსენა ის მონაცემები, რომლებიც ქვეყანას მევენახეობა-მეღვინეობის დარგში 2012 წელს ჰქონდა და ხაზი გაუსვა იმ პროგრამების მნიშვნელობას, რომელსაც მთავრობა დარგის მხარდაჭერის კუთხით ახორციელებს.
„2012 წელს სულ ჩაბარდა 52,000 ტონა ყურძენი, შარშან კი ეს მაჩვენებელი გაიზარდა 325 000-მდე, ანუ მეღვინეობა - მევენახეობის სფეროში გვაქვს უპრეცედენტო ზრდა გასული 12 წლის განმავლობაში.
ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 276 მლნ დოლარი, რაც ასევე მნიშვნელოვანი ზრდაა 2023 წელთან შედარებით, მაშინდელი მაჩვენებელი იყო 259 მლნ დოლარი. აქაც გავიხსენებ 2012 წლის მაჩვენებელს, როდესაც ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 65 მლნ დოლარი, შარშან ეს იყო 276 მლნ დოლარი, აქაც ხედავთ, რომ გვაქვს ძალიან მასშტაბური ზრდა.
მთლიანობაში, ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან 2024 წელს ქვეყანამ მიიღო565 მლნ დოლარი, რაც არის 23 %-იანი მატება გასულ წელთან შედარებით.
მევენახეების შემოსავალმა შეადგინა 485 მლნ ლარი. აქაც გვაქვს უპრეცედენტო მატება 2023 წელთან შედარებითაც კი, როცა ეს მაჩვენებელი იყო 350 მლნ ლარი. რაც შეეხება 2012 წლის მაჩვენებელს, მაშინ მევენახეების შემოსავალი იყო 70 მლნ ლარი. 70 მლნ ლარიდან გაიზარდა 485 მლნ ლარამდე 2024 წელს. ხედავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის პროგრამები, რომლებიც ხორციელდება სოფლის მეურნეობის სფეროში, მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში, მომავალშიც გაგრძელდება როგორც ამ დარგის, ისე სოფლის მეურნეობის სფეროში სხვა დარგების მხარდაჭერა,“- განაცხადა პრემიერმა.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კულტურის ყველა დარგის აღორძინებაზე ვიზრუნოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, საჭიროა ფუნდამენტური ხედვის შემუშავება და ამ თემაზე გრძელდება აქტიური მუშაობა.
„კულტურის სფეროში თითქმის გაორმაგდა კულტურის ბიუჯეტი. 27 მლნ ლარიდან 49 მლნ ლარამდე გაიზარდა კულტურის სფეროს დაფინანსება. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დაფინანსდა 470 სხვადასხვა პროექტი, მათ შორის, 100 პროექტი განხორციელდა 16 სხვადასხვა ქვეყანაში, ჩატარდა 194 გამოფენა და კულტურული ღონისძიება, განხორციელდა 70 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია. ზოგადად, ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანია ფუნდამენტურად გადაიხედოს ხედვა კულტურის განვითარების მიმართულებით. ჩვენ გვჭირდება ქართული კინოს, თეატრის აღორძინება. ჩვენ გვახსოვს, ათწლეულების მანძილზე როგორი იყო ვითარება ამ სფეროებში, კულტურის სხვადასხვა დარგში. დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული მოცემულობა. ეს არ არის მარტო ჩვენი ქვეყნის პრობლემა, ზოგადად, მაინცდამაინც დადებითი განვითარების ეტაპი არ უდგას მსოფლიო მასშტაბით კულტურის სხვადასხვა დარგს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კულტურის ყველა დარგის აღორძინებაზე ვიზრუნოთ. გვჭირდება ფუნდამენტური ხედვის შემუშავება და ამ თემაზეც გრძელდება აქტიური მუშაობა“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, დემოგრაფია ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.
„დემოგრაფია, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, თუმცა, სამწუხაროდ, დემოგრაფიული თვალსაზრისით გვაქვს განსხვავებული ვითარება, რაშიც თავისი ლოგიკაც არის - რეალურად, დემოგრაფიული ზრდა და ეკონომიკური პროგრესი ერთმანეთთან არ არის ხოლმე თანხვედრაში, პირიქით - არსებობს საპირისპირო სტატისტიკაც. რაც უფრო მეტია სიღარიბე, მსოფლიოს ამა თუ იმ კუთხეში, პირიქით, მაღალია ხოლმე, როგორც წესი, დემოგრაფიული მაჩვენებლები. მაგალითად, მსოფლიოში მეორე ადგილზეა ღაზას სექტორი შობადობის თვალსაზრისით. ერთ ქალზე საშუალოდ მოდის 8 ბავშვი, ამ დროს ღაზას სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი კუთხე მსოფლიოში. ანუ, სამწუხაროდ, არის საპირისპირო კორელაცია. აქედან გამომდინარე, გამოწვევა არის განსაკუთრებული. ეკონომიკის ზრდა არ არის ფაქტორი დემოგრაფიული მდგომაროების გაუმჯობესებისთვის და არც მხოლოდ ფინანსური და მატერიალური ტიპის ჩარევები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს დემოგრაფიული მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში. მე შემოგთავაზებთ, შევიკრიბოთ დემოგრაფიის კომისიის ფორმატში და ყველა საკითხში ვიმსჯელოთ კომპლექსურად. განვიხილოთ როგორც ფინანსური, ისე იდეოლოგიური საკითხები. ბევრი რამ უკავშირდება დემოგრაფიულ განვითარებას. პატრიარქის ინიციატივამ, წლების განმავლობაში, ძალიან სერიოზული პროგრესი მოგვიტანა დემოგრაფიის კუთხით. ეს არ იყო მატერიალური ინიციატივა, ესეც არის ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც აჩვენებს იმას, თუ რამდენად კომპლექსური უნდა იყოს მიდგომა დემოგრაფიულ საკითხებთან დაკავშირებით. მზად ვართ კონსულტაციებისთვის ამ საკითხის შესახებ. ნახსენები იყო იპოთეკური მხარდაჭერის პროგრამა, რითაც საკმაოდ ბევრმა თანამოქალაქემ ისარგებლა. წელიწადში, 1 800 ოჯახი სარგებლობდა საშუალოდ ამ პროგრამით, მთლიანობაში ისარგებლა 7 500-ზე მეტმა ოჯახმა, სახელმწიფო სუბსიდიამ შეადგინა 100 მლნ ლარი. რა თქმა უნდა, ასეთი ინიციატივებიც არის მნიშვნელოვანი. ყველა საკითხი განვიხილოთ კომპლექსურად, როგორც ფინანსური, მატერიალური მხარდაჭერის საკითხები, ასევე ნებისმიერი სხვა შესაძლო ინიციატივა. მთავარი პრობლემაა შობადობის დაბალი მაჩვენებელი. სამწუხაროდ, შარშანაც შობადობა არ აჭარბებდა გარდაცვალების მაჩვენებელს, ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ტენდენცია შემოვაბრუნოთ. რაც შეეხება მიგრაციას, შარშანდელი წელი იყო პირველი წელი, კოვიდის შემდეგ, როცა დაფიქსირდა დადებითი მიგრაციული სალდო საქართველოს მოქალაქეების ნაწილში. წინა წლებში აქაც გვქონდა უარყოფითი სალდო და აქაც არის ინიციატივები საჭირო. ეს საკითხები კომპლექსურად უნდა განვიხილოთ კომისიის ფარგლებში,“- აღნიშნა პრემიერმა.