აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა უფასო იქნება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმოძრავებს და 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ამასთან, დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 12-13 აპრილისთვის დაწესდა ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტიც.

„ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.

ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან: „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ), ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან – შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

აღნიშნული მარშრუტების ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.