ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი 31 მარტს დასრულდება

ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ გამოცხადებული ტენდერი 31 მარტს დასრულდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, სატენდერო დოკუმენტაციაში ტექნიკური პარამეტრებისა და პროცედურების კორექტირების აუცილებლობა გამოიკვეთა, თბილისის მერიამ კი მეტი უცხოური კვალიფიციური კომპანიის დაინტერესების მიზნით ახალი ტენდერი გამოაცხადა.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ 2025 წლის 21 ოქტომბერს გამოაცხადა ტენდერი ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ. ტენდერის მსვლელობისას დიდი იყო დაინტერესება უცხოური კვალიფიციური კომპანიების მხრიდან და აქტიურად მიმდინარეობდა აუცილებელი ტექნიკური პარამეტრების, პროცედურების დაზუსტება. ტრამვაის მშენებლობის განხორციელებისთვის გამოიკვეთა ტექნიკური პარამეტრებისა და პროცედურების კორექტირების აუცილებლობა სატენდერო დოკუმენტაციაში. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება ტენდერის მიმდინარეობის შეწყვეტისა და შესაბამისი ცვლილებებით ახალი ტენდერის გამოცხადებისა, რომელიც მიმდინარე წლის 13 თებერვალს აზიის განვითარების ბანკის შესყიდვის (ADB-ის) წესებით გამოცხადდა. ცვლილება ხელს შეუწყობს, რომ რაც შეიძლება მეტი უცხოური კვალიფიციური კომპანია დაინტერესდეს და გამოხატოს ინტერესი აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად. ტენდერის დასრულების თარიღად გამოცხადდა 31 მარტი. ცვლილება არ შეხებია პროექტის ბიუჯეტსა და შესრულების ვადას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, თბილისის მერის განცხადებით, ტენდერი გულისხმობს დიდი დიღომი-დიდუბის დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის აუცილებელი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების წარმოებას.

„ტრამვაის ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების შერწყმის მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას. ტრამვაის ხაზის დანიშნულება იქნება დიდი დიღმის დასახლების მეტროპოლიტენის ხაზთან მიბმა და ამით ქალაქის ცენტრთან სწრაფი დაკავშირება. ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძედ განისაზღვრა 7.5 კმ, სადაც განთავსებული იქნება 11 გაჩერება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული ტენდერი, გარდა უშუალოდ ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისა, მოიცავს შესაბამისი ინფრასტრუქტურის დეპოს მოწყობას.

„ტრამვაის დეპო გათვლილი იქნება 10 (+1) ტრმვაის შემადგენლობების მომსახურება-ექსპლუატაციისთვის. დეპოში აშენდება მთავარი და დამხმარე (საგანგებო-საევაკუაციო) შესასვლელ-გასასვლელები, ტრამვაის შემადგენლობის დახურული სასადგომო ტერიტორია, ადმინისტრაციული შენობა, საწარმოო (სერვის ცენტრის) შენობა, სამრეცხაო ნაგებობა, სასაწყობო მეურნეობები კატეგორიზაციის მიხედვით. მოეწყობა ტრამვაის ხაზის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო საინჟინრო კომუნიკაციის სისტემა და ქსელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელების ვადად განისაზღვრა 36 თვე ხელშეკრულების ხელმოწერიდან. მისივე თქმით, პროექტის ღირებულება 416 592 000 ლარს შეადგენს.