2026 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 41
თბილისში 2026 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდა. სადღესასწაულო პროგრამა დედაქალაქში 34 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, წელს განსაკუთრებით მასშტაბური და მრავალფეროვანი იყო.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, „საახალწლო სოფელში“ გამართულმა აქტივობებმა დადებითი შთაბეჭდილება დატოვა როგორც თბილისელებზე, ისე ქალაქის სტუმრებზე.
„ვიმედოვნებ, რომ საახალწლო ღონისძიებებმა ყველასთვის სასიამოვნო განწყობა შექმნა. მინდა, მადლობა გადავუხადო მერიის თითოეულ თანამშრომელს, ყველა იმ სამსახურსა და ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ ღონისძიებების ორგანიზებაში. განსაკუთრებული მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის, რადგან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფილი იყო უსაფრთხოება და სიმშვიდე. ასევე, მადლობას ვუხდი კომპანიებს, მეწარმეებს, არტისტებს, მსახიობებს, ბენდებსა და ყველა შემოქმედებით ჯგუფს წარმატებული თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისის მერია მომავალ წლებშიც გააგრძელებს მსგავსი ფორმატის ღონისძიებების ორგანიზებას, რათა დედაქალაქში შეიქმნას საახალწლო, ჯადოსნური გარემო როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის.
დედაქალაქის მერმა გამოსვლაში ქვეყანაში მშვიდობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის პოლიტიკა უპირველესად სიმშვიდის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.
„მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. მსოფლიო პროცესების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ სტაბილურობა. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო სრულიად საქართველოს შობა-ახალი წელი და ვუსურვო მშვიდობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. სიკეთე, სიხარული და ბედნიერება იყოს 2026 წლის მთავარი ღირებულებები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
No article in the selected categories
