საქართველოში I კვარტალში ხორბლის იმპორტი გაიზარდა, ფქვილის კი შემცირდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-მარტში, ქვეყანამ 21 მილიონ 410 ათასი დოლარის ღირებულების 84 499 ტონა ხორბალი შეიძინა. წლიური ზრდა 37.7%-ია. ფქვილის იმპორტი კი 28.7%-ით 2 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ორივე პროდუქტის მთავარი მომწოდებელი რუსეთია. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვა, რომ ხორბლის იმპორტის ზრდა და ფქვილის შემცირება, საქართველოს მთავრობის მიერ რუსული ხორბლის საექსპორტო ბაჟის საპასუხოდ ფქვილის იმპორტზე გადასახადის დაწესებამ განაპირობა.
ხორბლის გაზრდილი იმპორტი რუსეთიდან შესყიდვების გააქტიურებით არის განპირობებული. წელს იანვარ-მარტში საქართველომ 73 546 ტონა რუსული ხორბალში 18 მილიონ 796 ათასი დოლარი გადაიხადა. მთლიან იმპორტში მისი წილი 87.7%-ია.
უნდა აღინიშნოს, რომ წელს ხორბლის საიმპორტო ქვეყნების არეალი გაიზარდა. ამასთან, პირველ კვარტალში ყაზახური ხორბლის იმპორტი შემცირდა.
იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:
- რუსეთი - $18.7 მლნ, 73 546 ტონა;
- ყაზახეთი - $1.8 მლნ, 7 838 ტონა;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - $748 ათასი, 3 086 ტონა;
- ბელარუსი - $16 ათასი, 21 ტონა;
- თურქეთი - $3.6 ათასი, 5 ტონა;
ფქვილის შემთხვევაში შემცირება რუსეთიდან პროდუქტის შეძენის კლებამ განაპირობა. I კვარტალში ქვეყანაში 1 მილიონი დოლარის ღირებულების 2 651 ტონა ფქვილი შემოვიდა, რაც 56%-იანი კლებაა. წელს ფქვილის იმპორტი გაიზარდა: თურქეთიდან, საიდანაც 461 ათასი დოლარის 751 ტონა ვიყიდეთ; აზერბაიჯანიდან 248 ათასი დოლარის 553 ტონა, იტალიიდან 173 ათასი დოლარის 157 ტონა, უკრაინიდან კი 58 ათასი დოლარის 109 ტონა ფქვილია იმპორტირებული.
