საწვავის გაძვირების გამო, ავიაკომპანიები ფრენებს აუქმებენ

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საავიაციო საწვავის ბაზარზე მწვავე დეფიციტი გაჩნდა. მოკლე პერიოდში საავიაციო ნავთობის ფასი 195 დოლარამდე გაიზარდა, რაც ომის დაწყებამდე არსებულ მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მეტია.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, აპრილში ნავთობის დანაკარგი მარტთან შედარებით გაორმაგდება, რაც საწვავის დეფიციტს მთელი პლანეტის მასშტაბით შექმნის.

არსებული ვითარების გამო, ევროპული ავიაკომპანიები უკვე საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. კონტინენტის უმსხვილესი გადამზიდავი Ryanair-ი მარშრუტების შემცირებას გეგმავს, Lufthansa კი 40-მდე ხომალდის ექსპლუატაციიდან ამოღებასა და კრიზისული გეგმის ამოქმედებას აპირებს. Scandinavian Airlines-მა საწვავის ხარჯების ზრდის გამო 1,000-მდე ფრენა უკვე გააუქმა, რაც ძირითადად ჩრდილოეთის რეგიონის შიდა რეისებს შეეხო. პარალელურად, კომპანიებმა ბილეთების ფასები დროებით გაზარდეს.

აზიური ავიაკომპანიები, მათ შორის Vietnam Airlines და AirAsia, ფრენების მოცულობას 10%-დან 20%-მდე ამცირებენ. AirAsia-ს ხელმძღვანელის თქმით, ბილეთების ღირებულება საშუალოდ 30-40%-ით გაიზარდა, რაც სექტორისთვის უმძიმესი გამოწვევაა.

ამერიკული United Airlines ასევე გეგმავს რეისების შემცირებას მომდევნო ორი კვარტალის განმავლობაში, რადგან საწვავის ხარჯების ზრდა კომპანიისთვის წლიურად დამატებით $11-მილიარდიან დანახარჯს ნიშნავს.

ინდუსტრიის ექსპერტების შეფასებით, თუ ჰორმუზის სრუტეში ნავიგაცია არ აღდგება, საავიაციო საწვავი იმდენად გაძვირდება, რომ ავიაკომპანიებს ან ბილეთების მკვეთრად გაძვირება ან რეისების მნიშვნელოვანი ნაწილის გაუქმება მოუწევთ.