მარტის ბოლომდე დუბაი, აბუ-დაბის და შარჯას მიმართულებით ფრენები სრულად გაუქმებულია, რაც ტურისტულ ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და როგორც მოგზაურებს, ისე კომპანიებს სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს.
ტურისტული კომპანია Winglet-ის საოპერაციო დირექტორი, ნინი სოხაძე BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ამბობს, რომ აღნიშნული მიმართულებები საქართველოს ბაზრისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, განსაკუთრებით მოკლევადიანი მოგზაურობებისთვის. „ჩვენთვის ყველაზე მოსახერხებელი პირდაპირი ფრენების კუთხით და მარტივად, თუნდაც 3-4 დღით გასაქცევად ძალიან აქტიური იყო დუბაი, აბუ-დაბი, შარჯას მიმართულებები, ამ მხრივ მარტის ბოლომდე სრულად გაუქმებულია ფრენები და აქედან გამომდინარე მოგზაური ვეღარ იღებს შესაბამის სერვისებს“, - აცხადებს სოხაძე.
მისივე თქმით, გლობალური დაძაბულობის ფონზე, ტურისტულ ბაზარზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირებულია და ეს მხოლოდ კონფლიქტურ ზონებს არ ეხება. „ამ მომენტისათვის ტურისტული ჯავშნების ნაწილში, რა თქმა უნდა, შემცირებულია მოთხოვნა ნებისმიერი მიმართულებით. ზოგადად, მოგზაურები თავს იკავებენ და ეს ლოგიკური არის ნებისმიერი ასეთი გლობალური მასშტაბური მოვლენის ფონზე“, - განმარტავს იგი.
სოხაძე აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით დაზარალდა აღმოსავლეთისა და შუა აზიის მიმართულებები, რომლებიც სეზონურად ყველაზე დატვირთული იყო. „მთავარი მიმართულებები იყო სწორედ ეს რეგიონები და აქედან გამომდინარე, საკმაოდ დიდ სტრესში აღმოჩნდნენ როგორც მოგზაურები, ასევე ტურისტული კომპანიები და ავიაკომპანიები“, - ამბობს ის.
მისივე ინფორმაციით, ახალი ჯავშნებისგან მომხმარებლები თავს იკავებენ, სანამ ვითარება უფრო მკაფიო არ გახდება. „მოგზაურობა მაინც უსაფრთხოებასთან ასოცირდება და ბუნებრივია, მგზავრს სჭირდება უსაფრთხოების განცდა, რომ მიიღოს გადაწყვეტილება“, - აღნიშნავს სოხაძე.
ფრენების გაუქმებამ ტურისტულ კომპანიებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალიც მოუტანა. „ფაქტობრივად, ამ პერიოდისთვის ჯავშნების 80% მოდის ამ მიმართულებებზე. როცა სრულად ვაბრუნებთ თანხებს და ტური უქმდება, ეს იწვევს საკმაოდ დიდ დანაკარგებს“, - აცხადებს იგი.
რაც შეეხება უსაფრთხო მიმართულებებს, სოხაძის შეფასებით, ამ ეტაპზე შედარებით სტაბილურად ევროპის ქვეყნები მიიჩნევა, თუმცა ისიც ხაზგასმულია, რომ ავიაკომპანიები უსაფრთხოების საკითხში კომპრომისზე არ მიდიან. „თუ რაიმე საფრთხე არსებობს, ავიაკომპანიები ფრენას არ დაუშვებენ - ასეთ დროს გაუქმება ყოველთვის უკეთესი გამოსავალია“, - აცხადებს ნინი სოხაძე.
მისი შეფასებით, მიმდინარე ეტაპზე ტურისტულ ბაზარზე მთავარი ტენდენცია მოთხოვნის შემცირებაა, თუმცა თუ გლობალური ფაქტორები, მათ შორის საწვავის ფასები, ზრდას გააგრძელებს, ავიაბილეთების გაძვირება უახლოეს თვეებში გარდაუვალი გახდება.
