ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში მარკეტინგულ კამპანიაზე თითქმის 3.3 მლნ დოლარის დახარჯვას გეგმავს.
უწყება უცხოურ კომპანიასთან ხელშეკრულების გასაფორმებლად გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს და აცხადებს, რომ ჩინეთი სტრატეგიული და მზარდი ბაზარია. ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი ინტეგრირებული კამპანიის განხორციელება, რომელიც საქართველოს ეფექტურად წარმოაჩენს. თითქმის 3.3 მლნ დოლარის დახარჯვა ჯამში ორი წლის მანძილზე, 2026-2027 წლებში იგეგმება.
შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტებით, ადმინისტრაცია განიხილავს ორწლიანი ხელშეკრულების გაფორმებას საერთაშორისო კომპანიასთან, რათა უზრუნველყოს საქართველოს ტურისტული პოტენციალის სტაბილური და თანმიმდევრული განვითარება აღნიშნულ ბაზარზე. ინტეგრირებული კამპანია, მოიცავს ისეთ აქტივობებს როგორებიცაა: ციფრული მარკეტინგი, გაცნობითი ტურების გამართვა, გამომცემლობებთან თანამშრომლობა, ორმხრივი საქმიანი შეხვედრები (B2B) და ცნობადობის ასამაღლებელი აქტივობები.
"გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე მითითებული მოთხოვნების გათვალისწინებით, უცხოური კომპანიებისთვის გართულებულია ტენდერში მონაწილეობა, რის გამოც ისინი ხშირ შემთხვევაში არ წარმოადგენენ შესაბამის წინადადებას. ასევე უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ზოგ შემთხვევაში, ადგილობრივ ბაზარზეც გართულებულია ტენდერის გამოცხადება და უმეტესწილად ის მომსახურებები რომლებიც მოიცავს კრეატიულ და ინტელექტუალურ კონტრიბუციას, შეუძლებელია განისაზღვროს ტენდერის პირობებში.
შესაბამისად მომსახურების შესყიდვა თავისი სპეციფიკიდან და ვადებიდან გამომდინარე შეუძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ტენდერის პირობებში შეფერხების გარეშე", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.
2025 წელს ჩინეთიდან საქართველოში 128 ათასი ვიზიტი შედგა, წლიური ზრდა 44%-ს შეადგენდა. საქსტატის მიერ BMG-ისთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ჩინეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა შარშან ჯამში 220 მლნ ლარი დახარჯეს, ეს ნიშნავს, რომ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 1 718 ლარის ფარგლებში იყო.
