ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა, თუმცა ქვეყანა კვლავ 35-ე ადგილზეა

The Heritage Foundation-მა გამოაქვეყნა 2026 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, რომელიც ბიზნესის თავისუფლების, ეკონომიკური პოლიტიკის, გადასახადების დონის, ბიუროკრატიული ეფექტიანობის, საკუთრების უფლებების დაცულობის, ფინანსური, საინვესტიციო და ვაჭრობის თავისუფლების მიხედვით აფასებს ქვეყნებს. 2026 წლის ანგარიშში საქართველოს შეფასება გაუმჯობესებულია და 0.6 ქულით და ის 69.6-ს შეადგენს, თუმცა ეს გაუმჯობესება საკმარისი არ აღმოჩნდა, რათა ქვეყნის პოზიცია შეცვლილიყო და საქართველო მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლებით კვლავ 35-ე ადგილს იკავებს.

ამ ზრდის საქართველოს შეფასება უფრო დაბალია ვიდრე 2021 წელს იყო, რადგანაც ამ წელს საქართველოს 76 ქულა ჰქონდა, რითაც მსოფლიოში მეთორმეტე ადგილს იკავებდა. ბოლო რამდენიმე წელში საქართველოს პოზიციების გაუარესება გამოწვეულია საკუთრების უფლებების მიმართულებით არსებული ვითარების უკუსვლით, ასევე სასამართლო ეფექტიანობის გაუარესებით, მმართველობის ხარისხის გაუარესებით, ფისკალური სიჯანსაღის შემცირებით, ბიზნესის თავისუფლების შემცირებით, ფინანსური თავისუფლების შემცირებით და მონეტარული თავისუფლების შემცირებით.

ამ ინდექსში საქართველოს შეფასება 2012-2022 წლებში ყოველწლიურად 70 ქულაზე მაღალი იყო, თუმცა 2023 წლიდან ის 70 ქულაზე ნაკლებია.

უფრო დეტალურად, კომპონენტების მიხედვით, საქართველოს 2026 წელს ჰქონდა მკვეთრი ვარდნა საკუთრების უფლებების ქულების მხრივ - 62.3 ქულიდან პოზიცია 53 ქულამდე შემცირდა; ხოლო ფისკალური სტაბილურობის მიმართულებით კი ქულა 75.9-დან 89.1-მდე გაუმჯობესდა, რაც მშპ-სთან მიმართებით სახელმწიფო ვალის ფარდობის შემცირებას უკავშირდება.

უფრო დეტალურად, საქართველოს ქულები ინდექსის კრიტერიუმების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • საკუთრების უფლება – 53 ქულა (ცვლილება: -9.3)
  • მთავრობის ეფექტიანობა – 59.9 ქულა (ცვლილება: +1)
  • სასამართლო ეფექტიანობა – 53.8 ქულა (ცვლილება: -1.5)
  • საგადასახადო ტვირთი – 87.8 ქულა (ცვლილება: -1.3)
  • მთავრობის ხარჯები – 73.9 ქულა (ცვლილება: +1)
  • ფისკალური ჯანმრთელობა – 89.1 ქულა (ცვლილება: +13.2)
  • ბიზნესის თავისუფლება – 76.6 ქულა (ცვლილება: -1.5)
  • შრომის თავისუფლება – 64 ქულა (ცვლილება: +0.5)
  • ფულადი თავისუფლება – 70.2 ქულა (ცვლილება: +4.9)
  • ვაჭრობის თავისუფლება – 86.8 ქულა (ცვლილება: +0.6)
  • ინვესტიციის თავისუფლება – 60 ქულა (ცვლილება: 0)
  • ფინანსური თავისუფლება – 60 ქულა (ცვლილება: 0)

საქართველოს შეფასება ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში წლების მიხედვით ასე იცვლებოდა:

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათი შედეგები ასე ნაწილდება:

  • სომხეთი - 67.1 ქულა, 52-ე ადგილი;
  • აზერბაიჯანი - 64.3 ქულა, 67-ე ადგილი;
  • თურქეთი - 55 ქულა, 117-ე ადგილი;
  • რუსეთი - 50.3 ქულა, 145-ე ადგილი.

2026 წლის ინდექსის მიხედვით ეკონომიკური თავისუფლებით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს სინგაპური 84.4 ქულით, შემდეგ მოდის შვეიცარია 83.7 ქულა, მესამე ადგილზე კი ირლანდიაა 83.3 ქულით.

სიის ბოლოშია ჩრდილოეთ კორეა 3.1 ქულით (176-ე ადგილი), ასევე კუბა 25.2 ქულა 175-ე ადგილი და ვენესუელა 27.3 ქულა 174-ე ადგილი.