იანვარში საბალანსო ელექტროენერგია გაძვირდა

წელს იანვარში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო ფასი წლიურად 6%-ით გაიზარდა და კვტ.სთ 6.2 ცენტი შეადგინა. ჯამში ქვეყანაში საბალანსო დენის მოცულობა იანვარში 700 მლნ კვტ,სთ-მდე გაიზარდა.

2025 წელს საშუალო გასაყიდი ფასი საბალანსო ელექტროენერგიის 5.8 ცენტი იყო, რაც წლიურად დაახლოებით 4%-ით გაძვირებული მაჩვენებელია.

რაც შეეხება იმპორტის ფასს, საშუალო ფასი დაახლოებით 3 ცენტი იყო, რაც გამოწვეულია რუსეთის ფაქტორით. იმის გამო, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთი ელექტროენერგიას სპეციალურ ფასად აძლევს, ეს ჯამური იმპორტის ფასს ამცირებს.

იანვარში ქვეყანამ ჯამში 576 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა, რაშიც თითქმის 22.5 მლნ დოლარი გადაიხადა. 2024 წლის იანვართან შედარებით, დენის იმპორტში 157%-ით მეტია გადახდილი. იმპორტის გაძვირების მიზეზი თურქეთია. 2026 წლის იანვარში საქართველომ თურქეთიდან, რომელიც პირიქით ქვეყნისთვის დენის მთავარი საექსპორტო ბაზარია, უჩვეულოდ დიდი მოცულობის 119 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა, რაშიც 10 მლნ დოლარზე მეტი გადაიხადა. ეს ნიშნავს, რომ კილოვატ საათზე ელექტროენერგიის საშუალო ფასი დაახლოებით 8.6 ცენტი იყო. რუსეთიდან იმპორტის მოცულობა იანვარში 389 მლნ კვტ.სთ შეადგინა.

საბალანსო ელექტროენერგიის ფასი არის საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის შესყიდვის ღირებულება. მისი ზრდა ნიშნავს, რომ ესკოს საბითუმო ბაზარზე შესასყიდი ელექტროენერგია გაუძვირდა.