საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშეწყობით, საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსები პირველად გამოქვეყნდა და ხელმისაწვდომი გახდა როგორც ბლუმბერგის (Bloomberg IND), ასევე ინდექსების პროვაიდერი კომპანიის პორტალის (https://indices.ice.com/) მეშვეობით.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობთ, უახლოეს ხანებში ამ ინდექსების ძირითადი პარამეტრები ხელმისაწვდომი გახდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზეც.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ინდექსის გამოქვეყნება ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს, უფრო მეტი გამჭვირვალობით შეაფასონ საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემოსავლიანობა, რისკები და დინამიკა.
„საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსების გამოქვეყნებით პირველად ისტორიაში: საინვესტიციო და საპენსიო ფონდებს შეუძლიათ. გამოიყენონ საერთაშორისოდ აღიარებული ეტალონი (Benchmark) ქართული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესაფასებლად; შესაძლებელი ხდება საბირჟო საინვესტიციო ფონდების (ETF) და სხვა ტიპის საინვესტიციო ფონდების სტრუქტურირება გამჭვირვალე ინდექსებზე დაყრდნობით; საინვესტიციო აქტივების მმართველებს საშუალება ეძლევათ, ობიექტურად გაზომონ და გამოაქვეყნონ თავიანთი პორტფელების შემოსავლიანობები გამჭვირვალე ბენჩმარკის მიმართ; ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორები უფრო მკაფიოდ შეაფასებენ საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციებში ინვესტირების რისკების პარამეტრებს და ამონაგების დინამიკას; საზოგადოება მიიღებს სახელმწიფო ობლიგაციების ბაზრის ამონაგებზე გამჭვირვალე წვდომას“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
ეროვნული ბანკის ცნობით, ინდექსები Intercontinental Exchange-ის (ICE) მიერ გამოქვეყნდა, რომელიც ფინანსური ბაზრის მონაცემებისა და ინდექსების ერთ-ერთი უმსხვილესი გლობალური მიმწოდებელია. აგრეთვე, ICE-ს ჯგუფში შედის მრავალი ცნობილი საფონდო ბირჟა, მათ შორის, ნიუ იორკის საფონდო ბირჟის ჯგუფი (NYSE Group) და სხვა საერთაშორისო ბირჟები.
„საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების შვიდი ინდექსი ამოქმედდა – All Maturity ინდექსი მოიცავს ათ წლამდე ვადიანობის მქონე საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების სრულ სპექტრს, ხოლო ICE Georgia Government Index-ი კი – ერთი წლიდან ათ წლამდე ვადიანობით ყველა ობლიგაციას“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ძირითად ორ ინდექსთან ერთად, აგრეთვე გამოქვეყნდა ვადიანობის მიხედვით დაჯგუფებული ინდექსები (0-1 წლამდე, 1-3 წლამდე, 3-5 წლამდე, 5-7 წლამდე და 7-10 წლამდე), რაც ინვესტორებს საშუალებას აძლევს, თვალი ადევნონ შემოსავლიანობის მრუდის კონკრეტულ სეგმენტებს, დურაციის მაჩვენებლებს და ინვესტირება შესაბამისად განახორციელონ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსების გამოქვეყნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარების გზაზე.
მისივე თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ინტენსიური მუშაობა გაწია ინდექსის პროვაიდერ საერთაშორისო პლატფორმებთან.
„ამ ინდექსების დანერგვა საქართველოს ფინანსური სისტემის სტრუქტურულ წინსვლას ნიშნავს და მნიშვნელოვნად ზრდის ბაზრის გამჭვირვალობას, საინვესტიციო მიმზიდველობას. ეს ამარტივებს პორტფელის ფორმირებას და აახლოებს საქართველოს ობლიგაციების ბაზრის ინფრასტრუქტურას საუკეთესო გლობალურ პრაქტიკასთან. მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო ბენჩმარკების დანერგვა ხელს შეუწყობს მეორადი ბაზრის განვითარებას, გააძლიერებს ინვესტორთა ნდობას და გააუმჯობესებს მონეტარული პოლიტიკის ტრანსმისიის ეფექტურობას. საქართველოს ეროვნული ბანკი კვლავაც ერთგული რჩება თანამედროვე ფინანსური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისა და კონკურენტუნარიანი, საერთაშორისო დონეზე ინტეგრირებული კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნისადმი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
