სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედმა სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ კონკრეტული სამოქმედო გეგმა შეიმუშავა - ამის შესახებ მთავრობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა კომისიის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მისი თქმით, კომისია მუშაობას სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით დაიწყება.
„კომისიის ფარგლებში შევიმუშავეთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ძალიან აქტიური მუშაობა გვექნება უშუალოდ კერძო სექტორთან, რათა უახლოესი თვეების განმავლობაში მივიღოთ ხელშესახები შედეგები,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისი ინფორმაციით, დაგეგმილია ინტენსიური შეხვედრები საცალო ვაჭრობის ქსელების, სადისტრიბუციო კომპანიებისა და პროდუქტების მწარმოებლების წარმომადგენლებთან.
„ჩვენი ამოცანაა, რომ ამ კომისიის ფარგლებში ხელშესახები შედეგები მივიღოთ პრაქტიკულად აპრილის ბოლომდე,“ - აღნიშნა მინისტრმა.
