2025 წელს ექსპორტი რეკორდული $7.3 მლრდ იყო - რა საქონელი გაიტანა გასულ წელს საქართველომ უცხოეთში?

საქსტატმა 2025 წლის საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს საქართველოს ექსპორტი 11.2%-ით, 7.3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. უშუალოდ დეკემბერში კი ექსპორტი 22.5%-ით, 673 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. საქსტატის ანგარიშის თანახმად, ექსპორტში პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი იკავებს 2.8 მილიარდი დოლარით, სადაც მატება 16%-ია. ავტოექსპორტის ნახევარზე მეტი ($1.5 მილიარდი) ყირგიზეთის მიმართულებით გავიდა, რის შედეგადაც ყირგიზეთმა საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზრის სტატუსი დაიკავა.

რაც შეეხება რიგით მეორე საქონელს, 379 მილიონი დოლარი იყო ძვირფასი ლითონების მადნების ექსპორტი, რაც წლიურად 60%-ით გაიზარდა. აღნიშნული ძირითადად ოქროს ფასის მატებით იყო განპირობებული. მესამე პოზიციას იკავებს სპირტიანი სასმელები 282 მილიონი დოლარით, სადაც კლება 2%-ია, შემდეგ პოზიციაზე კი ღვინოებია 268 მილიონით, სადაც კლება 3%-ს შეადგენს.

საქართველოს საექსპორტო საქონლის ტოპ 10 2025 წელს ასე ნაწილდება:
#    საქონელი    ექსპორტი - მილიონი დოლარი    ცვლილება წინა წელთან
1    მსუბუქი ავტომობილები    $2,814 მილიონი დოლარი;    16%
2    ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები    $379 მილიონი დოლარი;    60%
3    სპირტიანი სასმელები    $282 მილიონი დოლარი;    -2%
4    ყურძნის ნატურალური ღვინოები    $268 მილიონი დოლარი;    -3%
5    ფეროშენადნობები    $226 მილიონი დოლარი;    -30%
6    მინერალური და მტკნარი წყლები (უშაქროდ)    $173 მილიონი დოლარი;    6%
7    თხილი და სხვა კაკალი    $172 მილიონი დოლარი;    62%
8    მინერალური და გაზიანი წყლები (შაქრით)    $167 მილიონი დოლარი;    21%
9    ნავთობი და ნავთობპროდუქტები    $148 მილიონი დოლარი;    57%
10    აზოტოვანი სასუქები    $132 მილიონი დოლარი;    11%
11    დანარჩენი საქონელი – სულ    $2,530 მილიონი დოლარი;    6%