ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს, ევროპული ინტეგრაცია არის დღის წესრიგი - პრემიერის განცხადებები აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულზე

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს მივიჩნევთ ტრანსფორმაციულ პროექტად, ამ პროექტის განხორციელების გარეშე რთული იქნებოდა ჩვენთვის ჩვენი ენერგორესურსების სრულად გამოყენება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში გამართულ ლიდერთა დიალოგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემა იყო - შუა დერეფანი - ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით.

 

პრემიერის თქმით, ეს არის ერთობლივად საინტერესო პროექტი, რომლის საშუალებითაც საქართველო გაზრდის წარმადობას გენერაციის მიმართულებით. 

 

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს მივიჩნევთ ტრანსფორმაციულ პროექტად. ძალიან ამბიციური და რეალისტური პროექტია. ჩავატარეთ ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა. ეს პროექტი ტექნიკურად განხორციელებადია, ამიტომ, ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ ამ მიმართულებას. შავი ზღვის კაბელი 1155 კილომეტრის სიგრძისაა და დააკავშირებს საქართველოს ევროპულ ენერგობაზართან. განსაკუთრებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუმინეთის გავლით. ჩვენ გავზრდით ჩვენს წარმადობას გენერაციის მიმართულებით და ექსპორტისთვის გვექნება გამომუშავებული ელექტროენერგია. ევროპაში სხვა ბაზრებზეც გავალთ. ამ პროექტის განხორციელების გარეშე რთული იქნებოდა ჩვენთვის ჩვენი ენერგორესურსების სრულად გამოყენება. ამიტომ, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ პროექტს და გვიხარია, რომ ევროკომისიამ ეს პროექტი ჩართო თავის პრიორიტეტების ნუსხაში. ეს არის საერთო ინტერესების პროექტი და კიდევ უფრო ოპტიმისტურად ვართ ამ პროექტის განხორციელების მიმართ განწყობილები“, - განაცხადა პრემიერმა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო განუხრელად მიჰყვება ასოცირების შეთანხმების დათქმებს. 

 

„ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, ეს არის კონსტიტუციაში გაწერილი, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ, მივყვებით ამ გეგმას, ასოცირების შეთანხმებით, ასოცირების დღის წესრიგით და განუხრელად მივყვებით ასოცირების შეთანხმების დათქმებს. ამ მხრივ გვექნება მდგრადი რეფორმები განხორციელებული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ეს წარმატება ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგია.

 

„ძალიან წარმატებული ქვეყანა ვართ ეკონომიკური განვითარებით, არამხოლოდ ჩვენს, არამედ უფრო ფართო რეგიონში. ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო - 9.3 %, ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში. ასევე, სწორად თუ იქნება შეფასებული ეკონომიკური წარმატება, ეს არის ზუსტად ეკონომიკური რეფორმების შედეგი, რომლებიც ქვეყანაში ხორციელდება, ეს არის იმის შედეგი, რომ კორუფციის დონე ყველაზე დაბალია ჩვენთან რეგიონის მასშტაბით და ამ მიმართულებით უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს, ვიდრე ევროკავშირის წევრ 11 სახელმწიფოს. თუ სამართლიანად იქნება შეფასებული საქართველოს მაჩვენებლები და მიღწევები, ნაბიჯ-ნაბიჯ, რასაც ვაკეთებთ, ენთუზიაზმი უნდა არსებობდეს იმისათვის, რომ უფრო მეტად მოხდეს საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში. ჩვენ ბუნებრივად ვეკუთვნით ევროპას, ვცდილობთ მაქსიმუმს, რომ წინ წავიწიოთ, განვავითაროთ ქვეყანა ეკონომიკური ზრდის, მმართველობის სისტემის გაუმჯობესების კუთხით, სწორედ ამიტომ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. არსებობს გარკვეული სირთულეები ევროკავშირსა და საქართველოს შორის, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ გარკვეული პოლიტიკური გარემოებების შეცვლის საფუძველზე მოხდება ინტეგრაცია,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ენერგეტიკის სექტორის განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ენერგეტიკის სექტორის განვითარებას ქვეყანაში. საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით. ჩვენ მხოლოდ 20%-ს ვიყენებთ  ამ ჰიდრორესურსების, რაც ძალიან დიდ შესაძლებლობას ქმნის ჩვენთვის, რომ განვავითაროთ ეს სექტორი. ჩვენ განსაკუთრებული გეგმა გვაქვს ამ მიმართულებით ენერგოსექტორის განვითარებისთვის, ეს არის ჩვენი არსებული გეგმა 2026 წლის განმავლობაში. გვინდა, რომ გენერაციის წარმადობა 2.5-ჯერ გაიზარდოს. ეს არის ამბიციური გეგმა. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მოვიზიდოთ ინვესტორები. ეს ძალიან სასარგებლო იქნება ჰიდროენერგეტიკულ სექტორში ინვესტირებისთვის საქართველოში“, -  აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ  ისაუბრა ინვესტიციების მოზიდვაზე მზის და ქარის ენერგიის სფეროში. 

„ასევე, შეგვიძლია მოვიზიდოთ ინვესტიციები მზის და ქარის ენერგიის სფეროში და გეგმაც არსებობს ამისთვის. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გვაქვს განხორციელებული მთავრობის და ეკონომიკის სამინისტროს მიმართულებით. ამიტომ, ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი ამ თემასთან დაკავშირებით. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ სრული თვითკმარობა შევქმნათ 2030 წლისთვის და ევროპულ ბაზარზე გავიტანოთ გამომუშავებული ენერგია. ამისთვის ძალიან დიდი შესაძლებლობები არსებობს და მიმაჩნია, რომ ეს პერსპექტივა 2026 წელს იქნება გამოყენებული და ექსპორტზე გავალთ ევროპულ ბაზარზე“, -  განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო ორი წლის განმავლობაში შუა დერეფნის როლი შთამბეჭდავად იზრდება. 

 

„ისტორიულად საქართველო აკავშირებდა აზიას ევროპასთან, აღმოსავლეთს, დასავლეთთან, დასავლეთს, აღმოსავლეთთან. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ძალიან სტრატეგიული ადგილმდებარეობა გვაქვს და უკვე წარმატებულნი ვართ საკმაოდ. ვიყენებთ სტრატეგიულ ადგილმდებარეობას, გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რომ გავაძლიეროთ დაკავშირებადობის შესაძლებლობა ტრანზიტის კუთხით და ვახორციელებთ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, ვაშენებთ ავტომაგისტრალებს. 2030 წლისთვის ყველა სეგმენტის მშენებლობა იქნება დასრულებული, ვითარდება რკინიგზის ინფრასტრუქტურა, ხდება რკინიგზის და საზღვაო პორტების მოდერნიზაცია.

ჩვენ ავაშენებთ ახალ პორტს შავ ზღვაზე, ღრმაწყლოვან პორტს ანაკლიაში, ეს არის ერთ-ერთი ადგილი საქართველოში. ყველა ეს მიმართულება და ინიციატივა ხდება ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ჩვენ არსებითად მოვახდენთ ქვეყნის ტრანსფორმაციას, რომ გაძლიერდეს დაკავშირებადობის შესაძლებლობა და უნარი. ეს ჩვენ ოპტიმისტურად განგვაწყობს, რომ ქვეყანა მიაღწევს განვითარების არსებითად ახალ დონეს საშუალოვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

მისივე თქმით, საქართველოს აქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები ძალიან ბევრ ქვეყანასთან.

 

„ყველაზე მეტი შეთანხმება ამ კუთხით ჩვენ გვაქვს რეგიონში ევროკავშირთან, დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ჩინეთთან. ეს განსაკუთრებულ უნარს გვაძლევს, რომ ეკონომიკურად ვიყოთ დაკავშირებული ერთმანეთთან და ეს ქვეყნები დავაკავშიროთ ერთმანეთს. ძალიან ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს, ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთებით და კორუფციის დაბალი დონით. ეს ყველაფერი არის ის სარგებელი, რომელიც ქმნის შესაძლებლობებს საქართველოსთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სვეტი იყოს ამ დერეფანში. ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი შესაძლებობები და წარმადობა გაიზარდოს ამ მიმართულებით და ქვეყნის განვითარება მოხდეს ამის საფუძველზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით,  ამ ერთ კონკრეტულ პროექტს აქვს მნიშვნელოვანი ეფექტი ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, ყოველგვარი ნეგატიური ფაქტორის გარეშე, შესაბამისად, სახელმწიფო თავიდან ბოლომდე იღებს პასუხისმგებლობას ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაზე.

 

„კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა ეფექტი ექნება „Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე - 11 მილიარდი ლარი შეემატება საქართველოს ეკონომიკას, წლის განმავლობაში. 10 წლის მანძილზე, წლიურ ჭრილში საშუალოდ შეემატება 700 მლნ ლარი ქვეყნის ბიუჯეტს ერთი კონკრეტული საინვესტიციო პროექტიდან. ამხელა  მოგება ექნება როგორც ეკონომიკას, ასევე ბიუჯეტს და გარდა ამისა, შეიქმნება ათასობით  სამუშაო ადგილი. აქ საუბარია როგორც დროებით, ასევე, მუდმივ სამუშაო ადგილებზე. 24 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება უშუალოდ პროექტის განხორციელების ეტაპზე და 8 000 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება პროქტის დასრულების შემდეგ. ერთ კონკრეტულ პროექტს აქვს ამხელა ეფექტი ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, ყოველგვარი ნეგატიური ფაქტორის გარეშე. შესაბამისად, სახელმწიფო თავიდან ბოლომდე იღებს პასუხისმგებლობას ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაზე“, - განაცხადა პრემიერმა.

 

პრემიერის შეფასებით, როდესაც საქმე ეხება ევროპული ბიუროკრატიის მიდგომებს, ყველგან ჩანს ორმაგი სტანდარტები.

 

„ზოგადად, ჩვენ ყველგან ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს ევროკავშირის პოლიტიკაში, რაც ძალიან სამწუხაროა. თქვენ გახსოვთ რეაქციები საქართველოსთან მიმართებით, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ გვაქვს რუსეთთან, ეს ადამიანები, ევროპელი ბიუროკრატები ახერხებდნენ ჩვენი მთავრობის რუსულ მთავრობად გამოცხადებას და ა.შ. ეს არის, რა თქმა უნდა, ორმაგი სტანდარტები. ახლა ისინი თავად ხედავენ, რომ სჭირდებათ კომუნიკაციის დამყარება რუსეთის ხელისუფლებასთან. რა თქმა უნდა, ამაზე თავისი გავლენა იქონია იმ პროცესებმა, რომელიც წარიმართა აშშ-ში. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ყველგან ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს, როდესაც საქმე ეხება ევროპული ბიუროკრატიის მიდგომებს,“- განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონკრეტული ადამიანების უკან იდგა კონკრეტული მანკიერი ინტერესები და ამის გამოხატულებაა ის პროცესები, რომლებიც ახლა წარიმართება უკრაინაში. 

 

„გახსოვთ, რომ კონკრეტული ადამიანები იყვნენ საქართველოში გმირებად გამოცხადებული კონკრეტული ჯგუფების მხრიდან, ესენი არიან რადიკალური ჯგუფები და ახლა ამ ადამიანების დიდი ნაწილი არის ზოგი კორუფციაში მხილებული, ზოგი სხვა გადაცდომაში. ჩვენ ყოველთვის ვეუბნებოდით სიმართლეს ქართულ საზოგადოებას და აქაც ირკვევა ის, რომ რასაც ჩვენ ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ის ყოფილა თურმე სიმართლე. კონკრეტული ადამიანების უკან იდგა კონკრეტული მანკიერი ინტერესები და ამის გამოხატულებაა ის პროცესები, რომლებიც ახლა წარიმართება უკრაინაში. ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენ ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები და მთავარია, ყველგან გავარკვიოთ, სად არის სიმართლე, ვინც არ უნდა ამბობდეს სხვა რამეს, მთავარია, სად არის სიმართლე. თავის დროზე განსხვავებული დამოკიდებულება იყო უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებების მიმართ. ნებისმიერი მათი განცხადება კონკრეტული სეგმენტის მხრიდან აღიქმებოდა, როგორც უტყუარი ჭეშმარიტება, თუმცა გაირკვა, რომ ამ ადამიანებს ამოძრავებდათ თურმე ძალიან საინტერესო მანკიერი ზრახვები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, ძალიან სამწუხარო და დასანანია, როდესაც ასეთი შეურაცხმყოფელი ბანერით „ულოცავს“ ევროკავშირის დელეგაცია საქართველოს მოსახლეობას დროშის დღეს.

 

„თავისთავად ეს კიდევ ერთი, მორიგი უხეში ჩარევაა ჩვენს შიდა პოლიტიკურ საქმეებში, ეს არის რადიკალიზმის მხარდაჭერა და როდესაც შეურაცხმყოფელი შინაარსის მქონე შინაარსი იდება დროშის დღესთან დაკავშირებით, ამას არავითარი შეფასებაც კი არ შეიძლება მიეცეს. ეს არის მიზანმიმართული უხეშობა და ეს ყველაფერი წარმოაჩენს ევროპული ბიუროკრატიის სახეს. ძალიან სამწუხარო და დასანანია, როდესაც ასეთი შეურაცხმყოფელი ბანერით „ულოცავს“ ევროკავშირის დელეგაცია საქართველოს მოსახლეობას დროშის დღეს“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო კანონები - „გამჭვირვალობის შესახებ“ და „გრანტების შესახებ“, რათა, სწორედ, მსგავსი მახინჯი პრაქტიკისგან, გარე ჩარევისგან დაიცვას ქვეყანა.

 

„ჩვენ, მთელი ამ წლების განმავლობაში, ვსაუბრობდით არაფორმალურ ძალებზე, რომლებიც არსებითი გავლენით სარგებლობენ ევროკავშირზე, თავის დროზე, კიდევ უფრო არსებითი იყო მათი გავლენა აშშ-ზე. ახლა ერთგვარი ბრძოლის მოწმენი ვართ ამერიკის შეერთებული შტატების შიგნით და ვნახოთ, რით დასრულდება საბოლოო ჯამში ეს ბრძოლა, თუმცა ფაქტია, რისთვისაც გამოიყენებოდა თავის დროზე ამერიკული ინსტრუმენტები, USAID-ი, NED-ი და სხვა ფონდები, იმავე მიზნით გამოიყენება ახლა ევროპული ინსტიტუტები. რაც რა თქმა უნდა, ზოგადად, ძალიან სამწუხაროა, როდესაც პრაქტიკა არ იცვლება, მიუხედავად იმისა, რომ ეს მანკიერი პრაქტიკა არის თავიდან ბოლომდე გაშიშვლებული. ჩვენ მთავარია, რომ ჩვენი მექანიზმები დავუპირისპიროთ ამ მახინჯ პრაქტიკას და უხეშ ჩარევას სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეებში, შიდა პოლიტიკურ საკითხებში, დემოკრატიულ სისტემებში. ჩვენ გვაქვს მიღებული „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც გვიცავს, სწორედ, ასეთი მახინჯი პრაქტიკისგან. ჩვენ გვაქვს მიღებული „გრანტების შესახებ“ კანონი, ე.წ. „ფარას კანონი“ და რა თქმა უნდა, ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, სწორედ ასეთი ტიპის გარე ჩარევებისგან,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრა შედგა     მსოფლიოში ცნობილი უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებსაც აქვთ ინვესტიციის ინტერესი.

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვიზიტი იყო ძალიან პროდუქტიული. ჩვენ გვქონდა შეხვედრა რამდენიმე კომპანიის წარმომადგენლებთან. ესენი არიან მსოფლიოში ცნობილი უმსხვილესი კომპანიები, რომლებსაც აქვთ ინვესტიციის ინტერესი. როგორც მოგეხსენებათ, „იგლ ჰილსის“ ინვესტიცია უკვე ხორციელდება საქართველოში. ასევე გვქონდა შეხვედრა DAMAC-თან, რომელიც ასევე არის მსოფლიოში ცნობილი უმსხვილესი კომპანია. გვქონდა საუბარი სხვადასხვა მიმართულებით დამატებით თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. ძალიან საინტერესო  შეხვედრა შედგა ასევე „აბუ-დაბი პორტებთან“, რომელსაც აქვს უკვე მიმდინარე პროექტი ჩვენს ქვეყანაში, ეს არის თბილისის მშრალი პორტის პროექტი, რომლის განხორციელების მეორე ფაზა დაიწყო. გვქონდა სხვა მიმართულებით კომპანიასთანაც  თანამშრომლობის გაღრმავებაზე საუბარი. 
გვქონდა შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან. მან აღგვითქვა სრული მხარდაჭერა ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანა ამ კუთხით არის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება ქვეყნებს შორის, ხელისუფლებებს შორის, ასევე კონკრეტულ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტის პირადი მხარდაჭერა ამ მიმართულებით.
ასევე გვქონდა დღეს გამოსვლა უშუალოდ ცენტრალურ ღონისძიებაზე ამ სამიტის ფარგლებში, სადაც საუბარი ძირითადად შეეხო ჩვენი ქვეყნის გეგმებს ენერგეტიკის მიმართულებით და ასევე - დაკავშირებადობის მიმართულებით. მთლიანობაში ვიტყვი, რომ იყო ძალიან საინტერესო და პროდუქტიული ვიზიტი, რასაც ექნება კონკრეტული შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის  მომავალში“, -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო მხარს უჭერს მოლდოვის სუვერენიტეტს.

 

„მოლდოვის სუვერენიტეტს ვუჭერთ მხარს, თუ თავად მოლდოველი ხალხი სხვა რამეს არ გადაწყვეტს. ზოგადად, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შემაშფოთებელია თავად მოლდოვის ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ. რა თქმა უნდა, რუმინეთს შეიძლება, ჰქონდეს გაფართოების ინტერესი, ეს მათი საქმეა. ჩვენთვის ყველაზე შემაშფოთებელი ამ ყველაფერში არის უშუალოდ მოლდოვის ხელისუფლების პოზიცია, როდესაც მოლდოვის ხელისუფლება არის მზად, დათმოს სუვერენიტეტი და მხარი დაუჭიროს დამოუკიდებლობის დათმობას, ეს არის თავისთავად ყველაფერზე მეტყველი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.