ოქროს ფასმა ახალ რეკორდს მიაღწია

ძვირფასი მეტალების ბაზარზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ისევ გრძელდება - ოქროს ფასი ერთ თვეში 9%-ით გაიზარდა და უნცია მეტალის ღირებულებამ ამჯერად 4,530 დოლარს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია და ისტორიულ შედეგს წარმოადგენს. საერთო ჯამში, ერთწლიან პერიოდში ოქრო 73%-ით არის გაძვირებული, ხოლო ბოლო ერთ კვირაში მატება 4.5%-ს აღწევს.

აღმასვლის რეკორდული დინამიკა ფიქსირდება ვერცხლთან მიმართებითაც, რომელიც ერთ თვეში 35%-ით არის გაძვირებული და კილოგრამის ფასი რეკორდულ 2,250 დოლარს აღწევს. თუკი ერთწლიან პერიოდს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ვერცხლის ფასი 140%-ით არის გაზრდილი და ის ამჟამად ისტორიულ მაქსიმუმზე იმყოფება.

ბოლო პერიოდში ოქროს გაძვირება ეკონომიკური და გეოპოლიტიკური რისკების ზრდით არის განპირობებული. ერთი მხრივ, ინვესტორები ფიქრობენ, რომ AI-სთან დაკავშირებული სპეკულაციური ბუშტის გახეთქვა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნას გამოიწვევს, რაც ოქროს ღირებულებაზე პოზიტიურად აისახება.

მეორე მხრივ, ექსპერტები მომატებულ რისკს ხედავენ რუსეთ-უკრაინის ომის გაგრძელებასთან და მოსკოვის მხრიდან სამხედრო აგრესიის გაზრდასთან დაკავშირებით, პოტენციურად სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც.

ასეთ დროს, ბუნებრივია, რომ ოქროს ფასი იმატებს, რადგან ის რისკებისგან თავის დაზღვევის და ღირებულების შენარჩუნების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.