"500 მლნ შევა მარტო გადასახადების სახით ბიუჯეტში საშუალოდ წლიურად" - პრემიერი „იგლ ჰილსის“ პროექტზე

„იგლ ჰილსის“ პროექტის განხორციელების შედეგად, 500 მლნ შევა მარტო გადასახადების სახით ბიუჯეტში საშუალოდ წლიურად და ამას დაემატება 200 მლნ საშუალო წლიური 33 %-იანი დივიდენდის ხარჯზე, ეკონომიკაში წვლილი იქნება დაახლოებით 11 მლრდ ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის განცხადებები აჩვენებს იმ სიბნელეს, რომელიც დღეს ქართული პოლიტიკური  სპექტრის კონკრეტულ სეგმენტში სუფევს.

„დისკუსია, რაც გვესმის თავისი შინაარსით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, აჩვენებს იმ სიბნელეს, პირდაპირ ვიტყვი, უხეშად, რაც ჩვენი პოლიტიკური  სპექტრის კონკრეტულ სეგმენტში სუფევს. ეს არის სიბნელე და მეტი არაფერი. ჯერ საუბარი ჰქონდათ იმაზე, რომ ინფორმაცია არ იყო საკმარისი. თქვენ იცით, რომ დეტალური ინფორმაცია გავუზიარეთ, პირადად მე, ეკონომიკის მინისტრმა, გუნდის წევრებმა. დეტალური ინფორმაცია გავაზიარეთ შეთანხმების პირობებთან დაკავშირებით. რაც შეეხება კომერციულ საიდუმლოებას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, ეს არის ჩვენი კანონმდებლობის მოთხოვნა და ეს არის ის, რაც ხდება ხოლმე სტანდარტულად ჩვენს ქვეყანაში. ეს კამპანია დაიწყო „ლელოს“ ლიდერმა, რომელმაც თვითონ მოითხოვა რამდენიმე წლის წინ მის კონსორციუმსა და მთავრობას შორის დადებული შეთანხმების გასაიდუმლოება. და ამაში ვერ გაამტყუნებ, იმიტომ რომ ეს არის პრაქტიკა და სწორი პრაქტიკაა. კომერციული შეთანხმება, თავისი შინაარსით, ექვემდებარება გასაიდუმლოებას. მარტივი მაგალითი რომ გითხრათ, რატომ შეიძლება იყოს ამა თუ იმ კომერციული სუბიექტის და კონკრეტულად „იგლ ჰილსის“ ინტერესებში ამ ხელშეკრულების გასაიდუმლოება. ნებისმიერი კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყანაში და იცით, რომ „იგლ ჰილსი“ მარტო საქართველოში არ ოპერირებს, არის რამდენიმე ქვეყანა, სადაც ანალოგიურ პროექტებს აწარმოებენ. მაგალითად, ჩვენ ვთხოვეთ, ამ დეტალის გასაჯაროება და დაგვთანხმდნენ - ჩვენს შემთხვევაში, 33 %-ია მოგებიდან წილი, რასაც მიიღებს სახელმწიფო ამ პროექტიდან. შეიძლება იყოს სხვა ქვეყანა, სადაც წარსულში, მაგალითად, დადო იგივე შეთანხმება და იქ ეს იყო მაგალითად 20 %. ან შეიძლება, საერთოდ 0 პროცენტი იყო. წარმოიდგინეთ, რომ პრეტენზია უჩნდება უკვე პოსტ ფაქტუმ კონკრეტულ სახელმწიფოს „იგლ ჰილსთან“ მიმართებით, რომ ეს თუ იყო შესაძლებელი, მე რატომ არ დამითმე. ან შეიძლება, ხვალ სურდეს „იგლ ჰილსს“, რომ დატოვოს სადღაც არა 33 %, არამედ 5 %, ან საერთოდ არ დაუტოვოს არაფერი, ან დაუტოვოს 20 %. აქ ხომ მარტივად ჩანს, რატომ შეიძლება ჰქონდეს კომერციულ ორგანიზაციას ინტერესი. ჩვენ, რეალურად, ყველა საკვანძო საკითხი გამოვიტანეთ სააშკარაოზე. რაც შეეხება ბიუჯეტში შესატანს, გამოვიტანეთ დეტალურად და ვთქვით, რომ 500 მლნ შევა მარტო გადასახადების სახით ბიუჯეტში საშუალოდ წლიურად და ამას დაემატება 200 მლნ საშუალო წლიური, სწორედ, ამ 33 %-იანი დივიდენდის ხარჯზე. ეკონომიკაში წვლილი, რაც დეტალურად არის დათვლილი, იქნება დაახლოებით 11 მლრდ ლარი. ეს არის მარტო პირდაპირი წვლილი ეკონომიკაში, ირიბი შეიძლება იყოს ამის ორმაგი ოდენობაც კი. რაც შეეხება დასაქმებას, 24 000 სამუშაო ადგილი გაჩნდება მარტო პროექტის განხორციელების პერიოდში და როცა დასრულდება, უკვე 8 000 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ეს არის ყველაფერი ხელშეკრულების პირობებში. ვეუბნებით ასეთ რამეს, რომ თეორიულად იკითხე, რა შეიძლება ეწეროს საშიში ამ ხელშეკრულებაში. მკითხე და გეტყვი წერია, თუ არ წერია. დღეს გამოვიდა ამავე პარტიის წარმომადგენელი, მერობის კანდიდატი კუპრაძე და აცხადებს ასეთ რამეს, რომ ვიღაცამ მითხრაო, მეჩეთების აშენება არის დაგეგმილი ხელშეკრულების თანახმად ამ ტერიტორიაზე და ამიტომ გვიმალავენო. კი ბატონო, დასვას ეს კითხვა. ნებისმიერი სიგიჟე იკითხოს, მათ შორის ასეთი, რომ წერია „იგლ ჰილსთან“ ხელშეკრულებაში ის, თუ არა, რომ მეჩეთები უნდა აშენდეს. დაესვა ეს კითხვა. დასვას კითხვა და ვუპასუხებ, რომ არავითარი მეჩეთების აშენება არ იგეგმება. ასეთი გიჟური კითხვებიც კი დასვან, ნებისმიერი კითხვა დასვან,“- განაცხადა პრემიერმა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც პარლამენტი აირჩა, ამ ლიბერალ-ფაშიტების მთავარი თავდასხმის ობიექტი პარლამენტში იყო ორი ადამიანი, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი, ორი ოლიმპიური ჩემპიონი, აქედან ჩანს ნული პატრიოტიზმი.

 

„ჩვენ არ გაგვირჩევია არც ერთი ფეხბურთელი არასდროს არც პირად ურთიერთობაში და დამოკიდებულებაში და არც საჯარო დამოკიდებულებაში. გახსოვთ, რომ როდესაც პარლამენტი აირჩა, ამ ლიბერალ-ფაშიტების მთავარი თავდასხმის ობიექტი პარლამენტში იყო ორი ადამიანი, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი. ორი ოლიმპიური ჩემპიონი. აქედან ჩანს ნული პატრიოტიზმი. როდესაც საქმე ეხება ორ ადამიანს, რომლებმაც უმაღლეს დონეზე აწიეს საქართველოს დროშა. „ნაცმოძრაობას“ ჰყავდა ოლიმპიური ჩემპიონი პარლამენტში. არც ერთ ჩვენს დეპუტატს არასდროს არ უკადრია ამ დეპუტატთან დაკავშირებით ერთი აუგი სიტყვის თქმა, რადგან პირველ რიგში პატივს ვცემთ ჩვენს ეროვნულ სიამაყეს და ადამიანს, სადაც არ უნდა იყოს, როდესაც ადამიანს უმაღლეს მწვერვალზე აქვს აღმართული შენი დროშა, იმას მაქსიმალური პატივი უნდა სცე. ეს არ აქვთ ლიბერალ-ფაშისტებს, იმ 150 კაცს, რომელიც იკრიბება ხოლმე რუსთაველის გამზირზე, „ნაცებს“ ოთხივე პოლიტიკური პარტიიდან. არავითარი პატრიოტიზმი, არავითარი ეროვნული ღირსების განცდა, სიამაყის განცდა. შეუძლიათ, ერთ დღეში გაყიდონ ადამიანი, რომელმაც უდიდესი სიხარული მოუტანა ქვეყანას. ერთ დღეში შეუძლიათ, გამოაცხადონ მოღალატედ ადამიანი, რომელიც არის ასოცირებული შენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი წარმატების მოტანასთან. ეს არის ამ ადამიანების რეალური სახე. სიბნელე, ეს ვლინდება ფეხბურთთან, სპორტთან, ინვესტიციებთან, ქვეყანასთან დამოკიდებულებაში, ყველაფერში ვლინდება ეს დამოკიდებულება. ამიტომ თქვენ იცით, რომ ჩვენ დაწყებული გვაქვს მნიშვნელოვანი პროცესი, რაც უკავშირდება ამ პოლიტიკური პარტიების აკრძალვას და ეს პროცესი უნდა იყოს ბოლომდე მიყვანილი, რადგან არ შეიძლება სიძულვილს ჰქონდეს ამხელა გასაქანი ჩვენს ქვეყანაში. სიძულვილი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. 

 

მაშინაც კი, როდესაც ჩვენი ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, ისინი იძულებული გახდნენ, რომ გამოსულიყვნენ  ნაკრების ქომაგებად, რომ ამ ტალღას აჰყოლოდნენ, რომ პოლიტიკურად არ ყოფილიყო სხვა ქმედება მათთვის კონტრპროდუქტიული. ამას არ გააკეთებდნენ რატომ - ერთ-ერთი მთავარი დავალება რაც აქვს ამ არაფორმალურ მმართველობას სხვადასხვა ქვეყანაში არის რა, რომ არ უნდა არსებობდეს არავითარი ავტორიტეტი, საზოგადოებას არ უნდა ჰყავდეს ავტორიტეტები არც აკადემიურ სფეროში, არც  სპორტის, არც კულტურის სფეროში, უნდა არსებობდნენ მხოლოდ ფსევდოავტორიტეტები, აქედან გამომდინარე მათთვის მიუღებელია ორგანულად გიორგი მამარდაშვილი როგორც შემდგარი ავტორიტეტი თავისი წარმატებით შემდგარი ავტორიტეტი, მიუღებელია ხვიჩა კვარაცხელია, თორნიკე შენგელია, ლაშა ტალახაძე და სხვები. ორგანულად მიუღებელია ამ არაფორმალური მმართველობისთვის, უცხოური გავლენით მოქმედი აგენტურისთვის ნებისმიერი ბუნებრივი ავტორიტეტი. სწორედ ამიტომ აწარმოებენ ასეთ კამპანიებს ყველაფრის წინააღმდეგ, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის სიამაყესთან, ეს ეხება სპორტს, ეს ეხება ინვესტიციებს, ეს ეხება ყველაფერს. აქედან გამომდინარე ყველას შეგვიძლია, ვუთხრათ ერთი რამ, რაც არ უნდა კამპანიები აწარმოონ, დღეს სხვა ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში, სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და ყველა ეს კამპანია დარჩება სრულიად წარუმატებელი, ამას ვპირდებით ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას პირველ რიგში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავარი არის დაკვეთა. 


„ერთ-ერთმა ე.წ. ჟურნალისტმა, მეტრეველმა თქვა, რომ კი, სისულელეა, მაგრამ როდესაც ხედავ, რომ რაღაც თემა ხელისუფლებისთვის არის სირთულეებთან დაკავშირებული, უნდა გამოიყენოო. ეს არის მათი მორალი, რომ შეიძლება იცოდე, რომ არაფერი სასპეკულაციო არ არის, მაგრამ თუ გადგება პოლიტიკურად,  მაინც უნდა ისპეკულირო, მაშინაც კი, როდესაც ეს საქართველოს ინტერესებს აზიანებს. წარმოიდგინეთ, რას ამბობს, რომ შეიძლება, თეორიულად, წარმატებული აღმოჩნდეს შენი სპეკულაციები და ქვეყანამ შეიძლება დაკარგოს 11 მილიარდი ეკონომიკაში, წელიწადში 700 მილიონი ბიუჯეტში, მაგრამ პოლიტიკურად თუ მომგებიანია, რატომ არ უნდა ისპეკულირო. ნახეთ, სადამდე დადის მათი მორალი. რატომ დავიწყე ფეხბურთზე საუბრით, როგორც ფსკერზე არის მათი მორალი, როდესაც კოორდინირებულად უტევენ ჩვენი ნაკრების საამაყო წევრებს, ასეთივე მორალით საუბრობენ ზუსტად ამ თემებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ინვესტიციას. 
მთავარი არის დაკვეთა და თქვენ ნახეთ, რომ თითქოს ერთმანეთისგან განსხვავებული ძალებია, ეს არის „ლელო“, „ნაცმოძრაობა“, „ალტ-ინფო“, „პატრიოტთა ალიანსი“, მაგრამ სინამდვილეში ყველა ერთი წყაროდან იღებს დაკვეთას. იგივე „პატრიოტთა ალიანსი“ რომ ავიღოთ, ასეთი შეხვედრა მახსენდება კელი დეგნანთან, მაშინ „ალტ-ინფო“ იყო ახალი შექმნილი და ნერვებს უშლიდა ქალბატონ კელის და კატეგორიულად ითხოვდა პარტიის აკრძალვას, ზოგადად, ორგანიზაციის აკრძალვას, ტელევიზიის დახურვას. ვეკითხებოდით, გუშინ მედიის თავისუფლებაზე და ჭეშმარიტ ღმერთზე გვესაუბრებოდნენ და ახლა ტელევიზია უნდა დაგვეხურა და პარტია უნდა აგვეკრძალა. არაო, ასეა საჭიროო. პირდაპირ უხეშად ითხოვდა ორგანიზაციის აკრძალვას და ტელევიზიის დახურვას. ამაზე ვუთხარით, რომ თუ პრორუსული გაწუხებთ, აქ „პატრიოტთა ალიანსია“ ამდენი ხანი, ღიად პრორუსული პოლიტიკური  პარტია და მაგაზე რატომ არ ითხოვდითქო არასდროს და ეს რა გახდა. რატომ გახდა ეს თემა ასეთი აქტუალური, დაგვაინტერესა. არა, ისინი კარგი ხალხიაო. დღეს ვხედვათ, რომ „პატრიოტთა ალიანსი“, „ლელო“ და „ნაცმოძრაობა“ ერთად გამოდიან და ეს „პატრიოტთა ალიანსი“ ტვ პირველზე ზის ეთერში, „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიაში. მანამდე, ვითომ „ნაცმოძრაობის“ აკრძალვას ითხოვდა. ვითომ კი არა, მართლა ითხოვდა“, -  განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ადრე სხვა საელჩოებში დადიოდნენ ფულის წამოსაღებად, ახლა უკვე, როგორც ჩანს, შეიცვალეს საკუთარი ორიენტაცია. 

„კარგი პრორუსები არიანო, ანუ მაშინ „ალტ-ინფო“ იყო ცუდი პრორუსები და „პატრიოტთა ალიანსი“ იყო კარგი პრორუსები. მერე თავისი ბინძური მეთოდები გამოიყენეს კონკრეტული კიდევ ერთი პარტიის წინააღმდეგ, როგორიც არის „ალტ-ინფო“, იქ შემდეგ თავისი ამბები მოჰყვა ამ ყველაფერს. ახლა ვხედავთ, რომ პოდკასტებში ზიან ერთად „ნაცმოძრაობა“ და „ალტ-ინფო“ და როგორც კარგი  პრორუსები იყვნენ პატრიოტთა ალიანსი, ასევე კარგი პრორუსები გახდნენ, როგორც ჩანს, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები. ბოკერიას და „ალტ-ინფოს“ დისკუსია რომ გენახათ ერთმანეთში, მიხვდებოდით, რომ ესენი კარგი პრორუსები გახდნენ. 
რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა, სინამდვილეში, ერთი ხელიდან იღებენ ისინი დავალებებს. ერთი ხელიდან იმართებიან და ერთი ხელიდან იღებენ დაკვეთებს. ეს არის მთავარი ახსნა. რაც არ უნდა პოლიტიკური ინტერესი გქონდეს, როცა ხედავ, რომ შეიძლება 11 მილიარდი დააკარგვინო ქვეყნის ეკონომიკას, როცა ხედავ, რომ წელიწადში 700 მილიონი ლარი შეიძლება დააკარგვინო ქვეყნის ბიუჯეტს, როცა ხედავ, რომ შეიძლება 24 ათასი ადამიანი დარჩეს პოტენციური სამუშაო ადგილის გარეშე, როცა ხედავ, რომ ტურიზმს შეიძლება შეუქმნა პრობლემა, ზოგადად ქვეყნის წინსვლას შეიძლება შეუქმნა პრობლემა და მაინც აკეთებ ამას, ეს მარტო პოლიტიკური ინტერესით ვერ აიხსნება. ეს არის დავალება და დაკვეთა. როდესაც კონკრეტული პარტიები მოქმედებენ  კომპრომატების შიშის ქვეშ, როდესაც მოქმედებენ პირდაპირ ხელმოწერილი კონტრაქტების ქვეშ, იქ  მათ არ აქვთ არავითარი არჩევანი და ეს არის რეალური მიზეზი, რატომაც ისინი ასეთ სიბნელეზე მიდიან. რასაც აკეთებენ ფეხბურთის შემთხვევაში, რა ხარისხის სიბნელეც არის ეს, იმ ხარისხის სიბნელეა ეს კამპანია, რომელსაც აწარმოებენ Eagle Hills-თან  დაკავშირებით“, -  განაცხადა პრემიერმა.