განსაკუთრებული სიცხის გამო, ევროპის ქვეყნებში გარე აქტივობები შეიზღუდა

ევროპისთვის უჩვეულოდ მწვავე და ნაადრევი სიცხის ტალღის გამო სხვადასხვა ქვეყანაში გარე აქტივობები შეიზღუდა - საფრანგეთში დაიხურა სკოლები, იტალიაში შეიზღუდა სამუშაოები ღია სივრცეში, თურქეთში კი მეხანძრეები ტყის ხანძრებს ებრძვიან.

ესპანეთმა დაადასტურა, რომ გასული ივნისი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო: ზოგ ქალაქში, როგორც ესპანეთში, ასევე იტალიაში, ტემპერატურამ 40℃-ს გადააჭარბა. უჩვეულოდ ექსტრემალური სიცხე დაფიქსირდა ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებშიც.

ევროკავშირის კლიმატის ცვლილების სერვისის, Copernicus-ის ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა ევროპაში გლობალურ საშუალო ტემპზე ორჯერ უფრო სწრაფად თბება, რაც რეკორდულია და ადასტურებს, რომ კლიმატის ცვლილების გავლენა კონტინენტზე ყველაზე მაღალია.

როგორც მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის წარმომადგენელი მედიასთან განმარტავს, ივნისის თვის ექსტრემალური სიცხე განსაკუთრებულია, თუმცა არა - უპრეცედენტო. კლერ ნულისის განცხადებით, ევროპაში აქამდეც ფიქსირდებოდა თბური ტალღები, თუმცა მათ, როგორც წესი, ზაფხულის მეორე ნახევარში ვხვდებოდით.

ექსტრემალურ სიცხეს ემსხვერპლა ერთი ადამიანი ბოლონიაში, სადაც გარე/სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელთათვის სპეციალური გაფრთხილება გაიცა. დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთებში აიკრძალა ღია ცის ქვეშ მუშაობა იტალიის 17 ქალაქში, მათ შორის მილანსა და რომშიც. ამასთან, იტალიაში ფიქსირდება ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებაც, რაც ჰაერის კონდიციონერთა ჭარბი და მასობრივი გამოყენებით შეიძლება აიხსნას.

რაც შეეხება თურქეთს, აქ ტყის ხანძრების გამო იზმირის მახლობლად 50 ათასზე მეტი ადამიანის დროებითი ევაკუაცია განხორციელდა. საფრანგეთში კვირის დასაწყისში 200-მდე სკოლა დაიხურა, მოგვიანებით კი მათი რიცხვი 1900-მდე გაიზარდა. ამასთან, განსაკუთრებული სიცხის გამო ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის დაკეტილი იყო ეიფელის კოშკის ზედა სართულებიც.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კლიმატის ცვლილების მთავარი მიზეზი წიაღისეული საწვავის წვის დროს გამოყოფილი სათბურის აირების ემისიებია, ტყის საფარის მასობრივი ჩეხა და ინდუსტრიული პრაქტიკები კი დამატებით ხელშემწყობი ფაქტორებია, რის გამოც 2024 წელი პლანეტაზე რეკორდულად ცხელი იყო.