სეს-მა ბათუმში "ჰანის მარანს" ღვინის წარმოების პროცესი შეუჩერა და დააჯარიმა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 7
ბათუმში ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირებისას ღვინის საწარმო „ჰანის მარანში“ კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ამის შესახებ განცხადებას სეს-ი აქვეყნებს.
უწყების ინფორმაციით, ბათუმში, ხახულის მეორე შესახვევი N2-ში მდებარე ობიექტი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდა საქმიანობას, ამასთან, პროდუქციის დისტრიბუცია კახეთის რეგიონიდან აჭარაში ხდებოდა.
გარდა ამისა, ინსპექტორების შეფასებით, ობიექტზე ღვინის ჩამოსხმა და დაფასოება ხდებოდა ჰიგიენური ნორმებისა და მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესების დარღვევით : „გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციამდე“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
