სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანის ბრალდებით, სუს-ის ყოფილი, ამჟამად კი, შსს-ს თანამშრომელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთად, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სუს-ის ყოფილი და ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი დააკავა, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე მუხლით მიმდინარეობს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველთვის განსაკუთრებით მკაცრი და შეუვალი იქნება ნებისმიერი, მცირე მასშტაბის შიდა ინფორმაციის გატანის მიმართაც კი და პირი, რომელიც მსგავს ქმედებას ჩაიდენს, უმკაცრესად იქნება დასჯილი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.