დღეიდან ევროპაში შესვლა/გასვლის ახალი სისტემა ამოქმედდა - რა უნდა იცოდეთ
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 61
თითქმის 10-წლიანი მზადებისა და 2025 წლის ოქტომბრიდან ევროპის მასშტაბით ეტაპობრივი დანერგვის შემდეგ, ევროკავშირის შესვლა/გასვლის ახალი სისტემა (EES) პარასკევს, 10 აპრილს ამოქმედდა.
ეს სისტემა ევროკავშირის საზღვრის უსაფრთხოების შემოწმების მოდერნიზებისთვის დაინერგა. ტექნოლოგიის ამოქმედების პირველ კვირებში სხვადასხვა აეროპორტში არსებული გრძელი რიგების მიუხედავად, სისტემა დღეიდან სრულად ამუშავდება.
რა არის EES და ვის ეხება ის?
EES (შესვლა/გასვლის სისტემა) სასაზღვრო კონტროლის ახალი სისტემაა, რომელიც ევროკავშირის საზღვრებზე პასპორტში ბეჭდის დარტყმის მექანიკურ პროცესს შესვლა-გასვლის ციფრული რეგისტრაციით ჩაანაცვლებს. ის ეყრდნობა ბიომეტრიულ მონაცემებს, როგორიცაა სახის გამოსახულება და თითის ანაბეჭდები, რომლებსაც აეროპორტში დააფიქსირებთ.
EES ვრცელდება ევროკავშირის/შენგენის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებიც შენგენის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით, 180-დღიან პერიოდში არაუმეტეს 90 დღით მიემგზავრებიან.
ეს მოიცავს უვიზო რეჟიმით მოსარგებლე მოგზაურებს, მიუხედავად იმისა, ტურისტული თუ ბიზნეს მიზნით მოგზაურობენ. ის ასევე ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ევროკავშირში ფლობენ უძრავ ქონებას, მაგრამ არ აქვთ ბინადრობის ნებართვა.
რეგისტრაციის შემდეგ, თქვენი მონაცემები ინახება და ძალაშია სამი წლის განმავლობაში (თუ ამ დროის განმავლობაში ახალ პასპორტს არ აიღებთ). პასპორტში ბეჭდის დარტყმის ნაცვლად, ავტომატიზებულ თვითმომსახურების კიოსკს გამოიყენებთ.
29 ქვეყანა (ევროკავშირის 25 წევრი სახელმწიფო, პლუს შენგენის ზონის ოთხი ქვეყანა), სადაც EES მოქმედებს:
ავსტრია
ბელგია
ბულგარეთი
ხორვატია
ჩეხეთი
დანია
ესტონეთი
ფინეთი
საფრანგეთი
გერმანია
საბერძნეთი
უნგრეთი
ისლანდია
იტალია
ლატვია
ლიხტენშტაინი
ლიეტუვა
ლუქსემბურგი
მალტა
ნიდერლანდები
ნორვეგია
პოლონეთი
პორტუგალია
რუმინეთი
სლოვაკეთი
სლოვენია
ესპანეთი
შვედეთი
შვეიცარია
ვინ არის გათავისუფლებული EES-ისგან?
EES-ისგან გათავისუფლებულნი არიან ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრი ქვეყნების მოქალაქეები, ასევე ევროკავშირის მოქალაქეთა ოჯახის წევრები და პირადობის მოწმობის მფლობელები. სისტემა ასევე არ ეხებათ თვითმფრინავისა და მატარებლის ეკიპაჟის წევრებს და შეიარაღებული ძალების პერსონალს. გათავისუფლებულნი იქნებიან ანდორის, სან-მარინოს, მონაკოსა და ვატიკანის მოქალაქეებიც.
გამოიწვევს თუ არა EES-ის დანერგვა აეროპორტში შეფერხებებს?
პასუხი, სავარაუდოდ, დადებითია. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი დატვირთული საზაფხულო სეზონის განმავლობაში მოქნილობას უშვებდა, "ლოდინის დრო პიკურ საათებში ახლა რეგულარულად აღწევს ორ საათს, ხოლო ზოგიერთი აეროპორტი კიდევ უფრო გრძელ რიგებზე იუწყება", - ნათქვამია აეროპორტების ასოციაციის, ACI Europe-ისა და Airlines for Europe-ის ერთობლივ განცხადებაში.
შეფერხებები გამოწვეულია იმით, რომ 31 მარტიდან მესამე ქვეყნის თითოეულ მგზავრს რეგისტრაცია უწევს. ამის გამო, მგზავრებს ურჩევენ, აეროპორტში ჩვეულებრივზე საათ-ნახევრით ან ორი საათით ადრე მივიდნენ, რათა EES-თან დაკავშირებული შეფერხებები გაითვალისწინონ.
შეგიძლიათ გამოიყენოთ ევროკავშირის მიერ სპეციალურად შექმნილი აპლიკაცია - Travel to Europe, რომელიც მგზავრებს საშუალებას აძლევს, ჩასვლამდე 72 საათით ადრე წინასწარ დაარეგისტრირონ ბიომეტრიული ფოტოები და საპასპორტო მონაცემები. ამან შეიძლება მნიშვნელოვანი დრო დაგაზოგინოთ.
აპლიკაცია სასაზღვრო კონტროლზე სავალდებულო გასაუბრებას არ ანაცვლებს. ამჟამად ის ხელმისაწვდომია მხოლოდ ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, პორტუგალიასა და შვედეთში, თუმცა იგეგმება აპლიკაციის ევროკავშირის მასშტაბით გაფართოება.
EES-ის ამოქმედება არ ნიშნავს ევროკავშირში მოგზაურობის კიდევ ერთი ახალი სისტემის, ETIAS-ის ამოქმედებას - მას ხშირად "ევრო-ვიზას" უწოდებენ. ETIAS ევროპის მოგზაურობის ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემას (European Travel Information and Authorisation System) ნიშნავს, თუმცა ის მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდება, რაც EES სრულად დაინერგება.
