ერთიანი ეროვნული და სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს იწყება - დეტალები
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 69
2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს, 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყება.
აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge 11 მაისის, 18:00 საათამდე შეეძლებათ.
წელს აბიტურიენტებს, მათთვის სასურველი რაოდენობის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ.
"აუცილებელია, აპლიკანტებმა 6 აპრილის, 10:00 საათიდან 6 მაისის, 18:00 საათამდე უზრუნველყონ ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასურის გადახდა, რათა მათ რეგისტრაციის დასრულება შეძლონ 11 მაისის, 18:00 საათამდე. აღნიშნულ პერიოდში მათ სხვა საგნების საფასურის გადახდა, საგამოცდო ქალაქისა და საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა/ცვლილება შეეძლებათ.
საგანმანათლებლო პროგრამების დამატება, წაშლა ან/და გადანაცვლება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი", - იტყობინება განათლების სამინისტრო.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო ცნობარი რამდენიმე დღის წინ გამოაქყვენა, რომელიც სხვა დეტალებთან ერთად, უნივერსიტეტების და პროგრამების მიხედვით სწავლის საფასურის შესახებაც მოიცავს ინფორმაციას.
დოკუმენტის მიხედვით, კერძო უნივერსიტეტების ნაწილში რიგ მიმართულებებზე სწავლის საფასური გაზრდილია. მაგალითისთვის, "შავი ზღვის უნივერსიტეტში" ამერიკისმცოდნეობის წლიური საფასური გასულ წელთან შედარებით 600 ლარით გაიზარდა და 2590 ლარის ნაცვლად 3190 ლარი გახდა. "ალტე" უნივერსიტეტში მედიცინის სწავლის ღირებულება 3500 ლარიდან 3950 ლარამდეა გაზრდილი. "საქართველოს უნივერსიტეტში" არქიტექტურის სწავლის წლიური საფასური 800 ლარით გაიზარდა და 4200 ლარის ნაცვლად 5000 ლარი იქნება, სამართალმცოდნეობის ახალი საფასური ასევე 5000 ლარია და 1500 ლარით არის გაძვირებული წინა წელთან შედარებით. "კავკასიის უნივერსიტეტში" რიგ მიმართულებებზე 400-1000 ლარიანი მატებაა - სამართლის მიმართულებაზე წლიური საფასური 7590 ლარიდან 7990 ლარამდე გაიზარდა, ევროპისმცოდნეობის, სოციოლოგიის, ტურიზმის და ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებაზე საფასური 4590 ლარის ნაცვლად 4990 ლარი გახდა, 1000 ლარით, 4990-დან 5990 ლარამდე გაიზარდა ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლის საფასური. "სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში" საჯარო მმართველობაზე სწავლის ღირებულება 2500 ლარიდან 2750 ლარამდე არის გაზრდილი.
