საქართველოს D5 კატეგორიის ვიზის გაცემა გამკაცრდა - უცხოელი $150 ათასზე მეტის ქონებას უნდა ფლობდეს
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 9
საქართველოში ქონების ფლობასთან დაკავშირებული D5 კატეგორიის ვიზის გაცემის საფუძვლები გამკაცრდა. მთავრობის დადგენილებით, უცხოელი D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მისაღებად საქართველოში 150 000 დოლარზე მეტი ღირებულების უძრავ ქონებას უნდა ფლობდეს, აქამდე მოქმედი ზღვარი კი 100 000 დოლარი იყო.
შესაბამისად, D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა გაიცემა პირზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 150 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს, აგრეთვე მის მეუღლესა და შვილზე/შვილებზე. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ზღვარი 35 000 დოლარი იყო, რაც შემდგომ 100 000 დოლარამდე გაიზარდა.
გრძელვადიანი ვიზა 1 წლის მოქმედების ვადით გაიცემა მხოლოდ D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გაცემის შემთხვევაში.
„საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებაში კიდევ ერთი ცვლილება შედის. კერძოდ, საქართველოში მგზავრობისა და საქართველოში ყოფნის ვადის განმავლობაში საკმარისი ფინანსური სახსრების მინიმალური რაოდენობა სავალდებულო ვიზის მოქმედების ვადის თითოეული თვისთვის ხდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საიმიგრაციო ვიზის (გარდა D5 კატეგორიის ვიზისა) გაცემის შემთხვევაში ამ თანხის მინიმალური რაოდენობა სავიზო განაცხადის წარდგენის დღისთვის საქართველოში დადგენილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის არანაკლებ ხუთმაგი ოდენობაა.
შესაბამისი დადგენილება დღეიდან ამოქმედდა და გავრცელდება 2026 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
