იგეგმება ძეხვეულის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება - სეს-ში ძეხვეულის მწარმოებლებს შეხვდნენ

ხელისუფლება ძეხვეულის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტის შემუშავებას გეგმავს - ამის შესახებ სურსათის ეროვნულ სააგენტოში ძეხვეულის მწარმოებლებთან შეხვედრისას გახდა ცნობილი. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე ხორცპროდუქტების ეტიკეტირების წესში ცვლილებების საკითხი განიხილეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესში დაგეგმილი ცვლილებები განიხილა.

"დისკუსიის ფორმატში მხარეებმა ძეხვეულის არსებული ეტიკეტირების პრაქტიკების გაუმჯობესებასა და მომხმარებლისთვის ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობაზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ასევე ბიზნესსექტორის ინტერესების გათვალისწინება.

აღნიშნული ცვლილებების მიზანია, მომხმარებლისთვის შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდების რისკის მინიმუმამდე შემცირება, რაც დაეხმარება მყიდველს გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. ცვლილებების ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დაგეგმილია ძეხვეულის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ კვერნაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის დეპარტამენტის სპეციალისტები ასევე, ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.