რა უნდა იცოდნენ შინაური ცხოველების პატრონებმა - იდენტიფიკაციის ერთიანი ბაზა და რეგისტრაციის ბოლო ვადები
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 84
საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 12 მარტს მიიღო დადგენილება, რომელიც შინაური ბინადარი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ერთიან წესს და ვადებს განსაზღვრავს. დადგენილების მიხედვით, ქვეყანაში შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზა, სადაც აისახება ინფორმაცია ძაღლებისა და კატების შესახებ, მათ შორის - მეპატრონეების, მიმკედლებლებისა და ცხოველთა გადაადგილების შესახებ. ბაზას მართავს სურსათის ეროვნული სააგენტო.
ახალი წესებით, ცხოველის მეპატრონეები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მათი იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია. იდენტიფიკაცია განხორციელდება მიკროჩიპის ან საყურე ნიშნით. რეგისტრაცია სავალდებულოა როგორც საკუთრებაში მყოფი, ისე მიკედლებული ცხოველებისთვის.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მეპატრონეებმა არსებული ცხოველები უნდა დაარეგისტრირონ 2027 წლის 1 იანვრამდე. ამასთან, ახალი ცხოველის შემთხვევაში რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს დაბადებიდან 30-60 დღის ვადაში ან მისი შეძენიდან არაუგვიანეს 15 დღისა.
დადგენილება ასევე ავალდებულებს ვეტერინარულ დაწესებულებებს, თავშესაფრებსა და ცხოველებთან დაკავშირებულ სხვა ობიექტებს, გადაამოწმონ ცხოველის რეგისტრაციის სტატუსი და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ მისი იდენტიფიკაცია.
მონაცემთა ერთიანი ბაზის მიზნად სახელდება ცხოველთა რაოდენობის აღრიცხვა, მეპატრონეების იდენტიფიკაცია, ასევე ცხოველების მიტოვების პრევენცია და უმეთვალყურეო ცხოველების კონტროლი.
დადგენილების ძირითადი ნაწილი ამოქმედდება 2026 წლის 1 ივლისიდან, ხოლო გარკვეული ვალდებულებები, მათ შორის მონაცემთა ბაზაზე წვდომის მოთხოვნა შესაბამისი უწყებების მხრიდან, უკვე ამოქმედებულია.
