6-ზე მეტი წლის ავტომობილებისთვის აქციზის გაზრდას პარლამენტმა I მოსმენით მხარი დაუჭირა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 8
პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის მნიშვნელოვან ზრდას ითვალისწინებს. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 4 იყო.
ცვლილების ავტორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან. მათი განმარტებით, ინიციატივის მიზანი ქვეყნის ავტოპარკის განახლება, გარემოს დაცვა და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
ახალი რეგულაციით, უქმდება აქციზის მოქმედი გრაფა და წესდება ახალი, ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით დიფერენცირებული სპეციალური განაკვეთები:
0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის: აქციზი ძრავის მოცულობის ყოველ 1 სმ³-ზე 1.5 ლარი იქნება.
6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის: განაკვეთი სამმაგდება და 1 სმ³-ზე 4.5 ლარით განისაზღვრება.
შეღავათები და დამატებითი მოსაკრებლები:
ჰიბრიდული ავტომობილები: ნარჩუნდება შეღავათი და ისინი ძირითადი განაკვეთის მხოლოდ 40%-ით დაიბეგრებიან (ანუ განაკვეთი 60%-ით მცირდება).
მარჯვენასაჭიანი ავტომობილები: მათზე კვლავ გავრცელდება ძირითადი განაკვეთის გასამმაგებული ოდენობა.
კანონპროექტი ითვალისწინებს შეღავათებს მათთვის, ვისაც ავტომობილის შემოყვანის პროცესი უკვე დაწყებული აქვს:
ძველი განაკვეთით ისარგებლებენ ის პირები, რომლებმაც ავტომობილი საქართველოში 2026 წლის 1 აპრილამდე შემოიყვანეს, ან რომელთა ტრანსპორტირება უცხოეთიდან ამ თარიღამდე დაიწყო.
თუ ავტომობილი სახმელეთო გზით ან თავისი სვლით გადაადგილდება, ძველი ტარიფი გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს საზღვარს 2026 წლის 1 ივლისამდე გადმოკვეთს.
დეპუტატების განმარტებით, მოქმედი სისტემა ვერ უზრუნველყოფს ახალი ავტომობილების იმპორტის სტიმულირებას.
„ხანდაზმული ავტომობილები ხასიათდება მავნე ნივთიერებების მაღალი ემისიით, საწვავის არაეფექტიანი მოხმარებითა და ტექნიკური გაუმართაობის მომატებული რისკით, რაც ჰაერის დაბინძურების ზრდასა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სიხშირის მატებას იწვევს“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ინიციატორების თქმით, 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებზე აქციზის „მნიშვნელოვანი ზრდა“ შექმნის ფინანსურ ბარიერს, რაც საბოლოოდ ავტოპარკის გაახალგაზრდავებას შეუწყობს ხელს.
