მცხეთის ჯვრის მონასტერს საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდება - რა დაზიანებები აქვს ძეგლს?
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 32
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მცხეთის ჯვრის მონასტერთან დაკავშირებულ სამუშაოებს გამარტივებული წესით ყიდულობს.
გამარტივებული შესყიდვის თაობაზე შეთანხმების თანახმად მცხეთის ჯვრის მონასტრის დიდი ტაძრის ინტერიერის საკონსერვაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 332 823 ლარია.
როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახელმწიფო ვალდებულია შეასრულოს 2018 წლის თებერვალში განხორციელებული მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და “ICOMOS” / “ICCROM”-ის ერთობლივი რეაქტიული მონიტორინგის მისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები „მცხეთის ისტორიული ძეგლების“, მათ შორის, ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე.
"ჩატარებული კვლევების შედეგად, დადგინდა ის ძირითადი დაზიანებები, რომლებიც ფიქსირდება ტაძრის ინტერიერის დიდ ნაწილში, კერძოდ: ქვის გალევა (ეროზია, ატკეჩვა, განშრევება, მასალის კარგვა, ფრაგმენტაცია); ქვებშორის ნაკერებში დუღაბის გამოქარვა; ცალკეული ქვის ან სიმაღლეში რამდენიმე რიგის (ორი, სამი) წყობის ქვის მთლიანი ან ნაწილობრივი დაბზარვა (რომელთა გახსნის სიდიდე ხშირ შემთხვევაში არ აღემატება 0.6 მილიმეტრს), ასევე ბზარები, რომლებიც კვეთენ რამდენიმე რიგის წყობას და მოიცავენ როგორც ქვებს, ისე ვერტიკალურ ნაკერებს, ვრცელდება რამდენიმე მეტრის სიგრძეზე და მათი გახსნის სიდიდე აღწევს 1-2 სანტიმეტრს.
ძეგლზე ამჟამად შექმნილი ვითარებისა და წინა წლებში ჩატარებული კვლევების გათვალისწინებით, აუცილებელია, დიდი ტაძრის საკონსერვაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, რათა შემჭიდროებულ ვადებში იქნეს უზრუნველყოფილი ტაძრის საკონსერვაციო მდგომარეობის დროული გაუმჯობესება",- წერია გამარტივებული შესყიდვის საჭიროების დასაბუთებაში.
ამასთან, სააგენტოს თანახმად, საკონსერვაციო სამუშაოების მაღალ დონეზე განხორციელების მიზნით, გამოიკვეთა პროცესში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტის ჩართულობის აუცილებლობა, რომელიც, ერთის მხრივ, შერჩეული მეთოდოლოგიის საფუძველზე ზედამხედველობას გაუწევს მიმდინარე სამუშაოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელებას, ხოლო მეორეს მხრივ, მოამზადებს შესაბამის ანგარიშებს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრში წარსადგენად. სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისთვის შეირჩა საიმონ კრისტოფერ გაი ვარაკი, რომლის მომსახურებაც ასევე გამარტივებული შესყიდვით,30 310 დოლარად შეიძენს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.
