სეს-მა შიდა ქართლში 8 არალეგალური სასაკლაო და კვერცხის საწარმო გამოავლინა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 50
სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტმა რეგიონში მასშტაბური მონიტორინგი დაასრულა. ინსპექტირების შედეგად გამოვლენილია 9 არალეგალური ობიექტი, მათ შორის 8 ფრინველის სასაკლაო და 1 კვერცხის საწარმო.
უწყების ინფორმაციით, ბიზნესოპერატორები საქმიანობას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე ეწეოდნენ.
გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები გატარდა. აღიარებისა და რეგისტრაციის მინიჭებამდე, საქმიანობა შემდეგ სუბიექტებს შეუჩერდათ:
| ობიექტის ტიპი | ბიზნესოპერატორი | მდებარეობა (სოფელი) |
| ფრინველთა სასაკლაო | ი.მ. ნ. ზ. (დაილუქა ტანხორცი) | კარალეთი |
| ფრინველთა სასაკლაო | მ. თ. | დიდი გარეჯვარი |
| ფრინველთა სასაკლაო | ბ. კ. | კარალეთი |
| ფრინველთა სასაკლაო | გ. ბ. | პატარა გარეჯვარი |
| კვერცხის წარმოება | ბ. მ. | პატარა გარეჯვარი |
| ფრინველთა სასაკლაო | გ. მ. | კარალეთი |
| ფრინველთა სასაკლაო | მ. გ. | დიდი გარეჯვარი |
| ფრინველთა სასაკლაო | ა. ჩ. | დიდი გარეჯვარი |
| ფრინველთა სასაკლაო | შპს „ქათმის ხორცპროდუქტები“ | კარალეთი |
სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ არალეგალური საწარმოების გამოვლენის მიზნით, სახელმწიფო კონტროლი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად გაგრძელდება.
„მოვუწოდებთ ბიზნესოპერატორებს, რომელთა საქმიანობაც ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან ან გადამუშავებასთანაა დაკავშირებული, დროულად მოითხოვონ სავალდებულო აღიარება და განაახლონ რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობა კანონდარღვევაა და საფრთხეს უქმნის მომხმარებლის ჯანმრთელობას, რადგან ასეთ ობიექტებზე წარმოებული პროდუქციის უვნებლობა არ კონტროლდება.
