ქვემო ქართლში ყველის ოთხი არალეგალური საწარმო გამოავლინეს
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 45
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა რეგიონში ყველის ოთხი არალეგალური საწარმო გამოავლინეს.
როგორც სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, საუბარია ინდმეწარმე გ. ბ-ზე (მისამართი ქ. რუსთავი, მშენებელთა ქუჩის მ/ტ), რომელიც ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა. ამასთან, სეს-ის ინფორმაციით, ობიექტზე აღინიშნა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობები.
ასევე, სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდნენ (ნედლის რძის თერმული გადამუშავება) შპს "Cheese line” (ს/კ 426520883, მის: გარდაბანი, სოფ. თელეთი), ინდმეწარმეები ა. ს. (მის: გარდაბანი, სოფ. თელეთი) და ზ. მ. (გარდაბანი, სოფ. თელეთი). ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დროულად მიმართონ სააგენტოს სავალდებულო აღიარების მოთხოვნით.
"აღიარება არის რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურება. ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან (გარდა პირველადი წარმოებისა) ან/და გადამუშავებასთან, ვალდებულია საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს. იმ შემთხვევაში თუ ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მას ენიჭება უვადო აღიარება.
აღიარების გზამკვლევი, დაქვემდებარებული ეკონომიკური საქმიანობები და პროცედურა შეგიძლიათ იხილოთ სააგენტოს ვებგვერდზე. ", - წერია სეს-ის პრესრელიზში.
