„თუ ზამთრის საბურავები არ გაქვთ, მოერიდეთ გამოსვლას, დაემორჩილეთ მითითებებს“ – „თბილსერვის ჯგუფის“ მიმართვა

„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ მათ რეკომენდაციებს და ზამთრის საბურავების გარეშე ქალაქში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

„საქმიანი დილის“ ეთერში პაპავამ აღნიშნა, რომ ამ დროისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე, ქალაქის ათივე მუნიციპალიტეტში კი ვითარება კონტროლირებადია.

„უკანასკნელი 40 სთ-ის განმავლობაში თბილისის ათივე რაიონში ინტენსიური თოვაა, კიდევ 12-13 სთ-ის განმავლობაში მოსალოდნელია ასეთი ამინდი. ქალაქში 24-საათიან რეჟიმში ვართ გადანაწილებული როგორც სპეციალიზებული ტექნიკით, ისე ცოცხალი ძალით. ვმუშაობთ როგორც ფეხით სავალზე, ისევე ყველა ტიპის სამანქანო გზების დამუშავებაზე.

ყველზე პრობლემურია შემოერთებული ტერიტორიები, ეს არის კიკეთის, წავკისის და კოჯრის მიმართულებები.

ზღვის უბანსა თუ ნაძალადევში კარგი მდგომარეობაა, დავეწიეთ ნალექს, მოსახლეობამ გაიღვიძა და ტრაფიკიც გვეხმარება. არსად არ არის ისეთი ვითარება რომ მსუბუქმა ავტომობილმა ვერ შეძლოს გადაადგილება. პრობლემებია იმის გამო, რომ მანქანები არის სეზონის შეუსაბამო საბურავებით, გამოდიან იმისთვის, რომ შევიდნენ მოწყვეტილ ტერიტორიაზე გასართობად, საგუნდაოდ და შემდეგ უკვე გამოსვლა უჭირთ.

საზოგადოებრივ ტრანსპორტს რაც შეეხება, შემოერთებულ ტერიტორიებზე ბოლო გაჩერებებზე არის შეფერხებითი მოძრაობა, ვინაიდან ესენი არის უღელტეხილის ტიპის დასახლებები და აქ გაჩერებებთან წვდომა ძნელია.

მოსახლეობისადმი რეკომენდაციაა, რომ 1) როდესაც შესაბამისი ავტომობილი ან საბურავებით არ არიან აღჭურვილები, თუ აუცილებლობას არ წარმოადგენს, ასეთ დროს არ უნდა გამოვიდნენ რათა საფრთხე არ შეექმნათ. 2) უნდა დაემორჩილონ პოლიციას, ჩვენს თხოვნას, მითითებებს. არ შეიძლება სიჩქარით გადაადგილება, ავტო შეჯიბრის მოწყობა და ა.შ.

ამ ეტაპზე ვფლობთ სიტუაციას და საშიშროება არსად არ გვაქვს, რომ დამატებითი რეგულაცია გვჭირდებოდეს, თუმცა რელიეფურად თუ შევხედავთ, თბილისის შემოერთებული ტერიტორიები საკმაოდ რთულია, ამიტომ კარგი იქნება თუ აქ გარკვეული რეგულაციები დადგინდება რადგან სირთულით, დახრის პროცენტულობით ეს მონაკვეთები რთულია“, - განაცხადა პაპავამ.

თბილსერვის ჯგუფის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამუშაოებში 100-ზე მეტი ტექნიკა და 230 ადამიანია ჩართული.