რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა დასრულებულია
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 62
რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდა.
30 დეკემბრის შუადღიდან მოძრაობა რიკოთის 52-კილომეტრიან ახალ, 4-ზოლიან ჩქაროსნულ გზაზე სრულად გაიხსნება.
რიკოთის მაგისტრალური გზა 52 კილომეტრის სიგრძისაა და მოიცავს 51 გვირაბსა და 97 ხიდს. მათ შორის, ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძე 1 კილომეტრი და 800 მეტრია, ხოლო ყველაზე გრძელი ხიდის - 1 კილომეტრი და 362 მეტრი.
ახალი მაგისტრალი სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე განათების სისტემით და შეესაბამება საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.
გზის ექსპლუატაციაში გაშვება 8 კმ-ით ამცირებს მგზავრობის მანძილს და ანახევრებს გადაადგილების დროს.
რიკოთის მაგისტრალური გზა წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო საგზაო დერეფნის (E60) მნიშვნელოვან მონაკვეთს და საქართველოს სატრანსპორტო ქსელის ერთ-ერთ საკვანძო ინფრასტრუქტურულ პროექტს.
პროექტი განხორციელდა აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), მსოფლიო ბანკის (WB) და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება დაახლოებით 2.6 მილიარდ ლარს შეადგენს.
