პირებს, რომლებსაც ტრანსპორტის განბაჟების ბოლო დღე 1-4 იანვრის პერიოდში უწევთ, ჯარიმები 5-მდე არ დაეკისრებათ - განცხადება
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 61
იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით პერიოდში, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად განესაზღვრებათ 5 იანვარი. ამის შესახებ შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო იტყობინება.
აღსანიშნავია, რომ შსს-ს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით არ იმუშავებენ.
დასვენების დღეების გამო, იმ პირებს, რომლებსაც შენახული/დაჯავშნილი აქვთ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები და აღნიშნულ პერიოდში ეწურებათ შენახვის/დაჯავშნის დრო, ვადა გაუხანგრძლივდებათ 5 იანვრის ჩათვლით.
ასევე, იმ პირებს, რომლებსაც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლის 30-ე დღე 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით უწევდათ, მხოლოდ ერთი გასვლის უფლება მიეცემათ 5 იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით.
ხოლო ის პირები, რომლებსაც ცნობის (აპოსტილი/ლეგალიზაცია) გატანა უწევთ 2026 წლის 1-ელ, 2 ან 3 იანვარს, ცნობის გატანას შეძლებენ 5 იანვარს. სხვა შემთხვევაში ცნობების დამზადების ვადა აითვლება კანონით განსაზღვრულ ვადებში.
ცნობისთვის, გამოცხადებულ უქმე დღეებში - 5 და 6 იანვარს სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული ჩვეულ რეჟიმში, 09:30 საათიდან 17:00 საათამდე იმუშავებს.
