მოგეხსენებათ, ელჩებს რა დიდი მისია აკისრიათ, მაგრამ ჩვენს ელჩებთან მიმართებით ეს დატვირთვა უფრო გაზრდილია, დარწუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ერთგულებით ემსახურება ქვეყანას - ილია II
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 56
საქართველოს საპატრიარქო ❲ოფიციალური გვერდი❳ ილია მეორის მიმართვას ავრცელებს:
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა 2025 წლის ელჩების შეკრების მონაწილეთ.
ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ქალბატონო მინისტრო და დღევანდელი შეკრების სხვა მონაწილენო, ყველას გულითადად მოგესალმებით, მოგილოცავთ დღევანდელ დღეს და ურთიერთშეხვედრის სიხარულს.
მოგეხსენებათ, ზოგადად ელჩებს თუ რა დიდი მისია და პასუხისმგებლობა აკისრიათ, მაგრამ ჩვენს ელჩებთან მიმართებაში ეს დატვირთვა დღეს კიდევ უფრო გაზრდილია და მეტ შრომასა და ძალისხმევას ითხოვს მათგან.
დარწუნებული ვარ თითოეული თქვენგანი ამას კარგად აცნობიერებს და ერთგულებითა და თავდადებით ემსახურება ჩვენს ქვეყანას. ამიტომაც მინდა, ჩვენის მხრიდანაც, მადლობა გადაგიხადოთ გაწეული მუშაკობისთვის თქვენც და თქვენი სამსახურის თანამშრომლებს და გამოვთქვა იმედი, რომ თქვენი საქმიანობა კვლავაც იქნება წარმატებული და სასიკეთო შედეგების მომტანი საქართველოსთვის.
ამასთან, მსურს შეგახსენოთ, რომ როგორც ცნობილია, მომავალ წელს ვზეიმობთ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავს. ეს უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, რადგან სწორედ ქრისტიანობამ განსაზღვრა ჩვენი ერის აზროვნების წესი; მის საფუძველზე შეიქმნა ჩვენი უნიკალური ხელოვნება, მწერლობა, ფილოსოფია; ამას ემყარება ადამიანური ურთიერთობებიც.
ვიმედოვნებ, თქვენც, უცხოეთში მყოფ ჩვენს სასულიერო პირებთან და დიასპორასთან ერთად, შეძლებთ ამ თარიღის სათანადოდ აღნიშვნას.
ინებოს ღმერთმა, უფლისა და საქართველოს სიყვარულმა გაგვაერთიანოს ყველა.
ღმერთმა დაგლოცოთ და ღვთის სათნო მრავალ კეთილ საქმეთა აღსრულების ძალა და შესაძლებლობა მოგცეთ, ამინ!
სიყვარულითა და პატივისცემით,
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი
22.12.2025“
