“ჩვენს ტერიტორიაზე არარსებობს “ქურმუხის წმინდა გიორგი” სახელწოდების ეკლესია” - რამინ მამედოვი

როგორც ცნობილია, გასული წლის 23 ნოემბერსა და წელს 6 მაისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლების არაკონსტრუქციული და არამეგობრული დამოკიდებულების გამო ქართული დელეგაციის ვიზიტი აზერბაიჯანში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - საინგილოში, კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში ჩაიშალა.

გიორგობის დღესასწაულზე კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა. 2025 წლის 6 მაისს აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ქალაქ ბელაქანში გამართული კონფერენციის შესახებ თემაზე “ჩრდილო-დასავლეთ აზერბაიჯანის ისტორიული საკითხები აკადემიკოს იაგუბ მაჰმუდოვის სამეცნიერო საქმიანობაში”.


კონფერენციაზე წაიკითხეს აკადემიკოს იაგუბ მაჰმუდოვის სტუდენტების მოხსენებები თემებზე: „აზერბაიჯანის ალბანური სახელმწიფოს დასავლეთი საზღვრები“, „ინგილოების პრობლემა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ტერიტორიული პრეტენზიები“, „ცარიზმის კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ წინააღმდეგობის მოძრაობა ჩრდილო-დასავლეთ აზერბაიჯანში“, „ცარიზმის იძულებითი ქრისტიანიზაციის პოლიტიკა ჩრდილო-დასავლეთ აზერბაიჯანში“ (იგულისხმება XIX საუკუნის მე-2 ნახევარში საინგილოში, მაშინდელ ზაქათალის ოლქშიგამუსლიმანებული ქართველების მიერწინაპართა ქრისტიანულ სარწმუნოებაზედაბრუნება) და სხვა. გაიმართა დისკუსიები.


კონფერენციას ესწრებოდა ბალაქნის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, ისლამ რზაევი, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა აკადემიკოს იაგუბ მაჰმუდოვის წვლილზე აზერბაიჯანის მეცნიერებაში. ისლამ რზაევი ახლახან, 30 ოქტომბერს დააპატიმრეს კორუფციის ბრალდებით (უფრო ადრე, ივნისში მისი ბედი გაიზიარა კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა მუსა შექილიევმაც, რომელიც იგივე ბრალდებებით დააპატიმრეს).

ამ კონფერენციაზე წაკითხული ზოგიერთი მოხსენების სათაურიდანაც კი ჩანს, რომ ეს მოხსენებები სამწუხაროდ, საქართველოს მიმართ არამეგობრული სულისკვეთებით იყო დაწერილი. როგორც ცნობილია, ზოგიერთი აზერბაიჯანელი ისტორიკოსი დავით-გარეჯის უძველეს ქართულ მონასტერს ახალი სახელით “ქეშიშ დაგად” მოიხსენიებს და მას ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ალბანურ ქრისტიანულ კულტურას მიაკუთვნებს. ანალოგიური უსაფუძვლო და ყოვლად დაუსაბუთებელი პოზიცია აქვთ მათ საინგილოში არსებულ ქართულ მართლმადიდებლურ ტაძრებზეც, რომლებსაც ასევე “ალბანურ ძეგლებად” მიიჩნევენ.


ახლახან, აზერბაიჯანის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელი, ბ-ნი რამინ მამედოვი ქართული მხარისთვის გამოგზავნილ წერილში საუბრობს ორი ქვეყნის მეგობრობაზე და თანამშრომლობაზე, მათ შორის რელიგიის სფეროში, თუმცა ამ სულისკვეთებას სრულიად არ შეესაბამება მისსავე წერილში გაჟღერებული საკმაოდ უცნაური და გამაოგნებელი ფრაზა: “გვსურსთქვენი ყურადღების გამახვილება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტოპონიმების სწორ აღნიშვნაზე და იმის გაცნობიერებაზე, რომ ჩვენს ტერიტორიაზე არ არსებობს “ქურმუხის წმინდა გიორგი” სახელწოდების ეკლესია” (!).


ბ-ნი რამინი თავის წერილში ერთხელაც კი არ ახსენებს ზაქათალისა (დაბა ალიაბადი, სოფელი მოსული) და ბელაქნის (სოფელი ითითალა) რაიონებში მცხოვრებ ინგილო ქართველებს, სადაც გიორგობის მეორე დღეს - 24 ნოემბერს დაგეგმილია ქართული დელეგაციის ვიზიტი და აზერბაიჯანულ მხარესთან წინასწარ შეთანხმებული რაოდენობის საჩუქრებისა და წიგნების ჩატანა.


რამინ მამედოვი წერილში ქართულ მხარეს განუმარტავს იმასაც, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გრძელდება კარანტინის რეჟიმი, ქართული დელეგაცია სახმელეთო გზით 23 ნოემბერს ვერ შეძლებს აზერბაიჯანში ჩასვლას და აზერბაიჯანში ჩასვლა მიზანშეწონილია საჰაერო გზით - თბილისი-ბაქოს ავიარეისით.


გიორგობამდე კიდევ რამდენიმე დღეა და იმედია, აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლები გამოავლენენ კეთილგონიერებას, შეცვლიან ამ არაკონსტრუქციულ, ქართულ-აზერბაიჯანული ტრადიციული მეგობრობის სულისკვეთებისთვის სრულიად შეუფერებელ გადაწყვეტილებას და ქართულ დელეგაციასა და მომლოცველებს წინასწარ შეთანხმებული სიით, ტრადიციულად მიეცემათ შესაძლებლობა ლაგოდეხი-ბელაქნის სახმელეთო საზღვრით ჩავიდნენ კახის რაიონის სოფელ კახ-ინგილოს წმინდა გიორგისა და ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრებში (აღსანიშნავია ისიც, რომ ბაქოდან საავტომობილო გზით კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში ჩასვლა 6 საათიან დამღლელ მოგზაურობას გულისხმობს).

 

სტატიის ავტორი: გიორგი კერესელიძე